მიმდინარე სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “ქუთაისი 2010” ნახევარფინალში გავიდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი ოფის პირველი – მეოთხედფინალური ეტაპიდან მერვეადგილოსანი მარნეულის “დელტა” გამოაგდო. ქუთაისელებმა სერიის პირველი მატჩი შინაურ სარბიელზე 7 მაისს მოიგეს. იმერულმა კლუბმა 2 დღის წინ ქვემოქართლელები 85:70 დაამარცხა, დღეს კი ოლიმპიურ სასახლეში ანალოგიური ანგარიშის დაფიქსირებამდე 2 ქულა დააკლდა. სტუმრებმა 83:70 იმარჯვეს, სერიაში 2:0 დაწინაურდნენ და ნახევარფინალში გავიდნენ.
შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა. პირველი ნახევარი კი სულაც მარნეულელებმა მოიგეს. პირველი მეოთხედის 21:23 წაგების შემდეგ, “დელტას” მოთამაშეებმა გაქცევა მოაწყვეს და ათწუთეულის 23:17 მოგებით დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. აღსანიშნავია მარნეულელთა შედეგიანი სროლები პერიმეტრსმიღმიდან. ამ მხრივ ლევან ელიაძე და გიორგი ვახანია გამოირჩნენ და ქვემოქართლელებს ლიდერობა მოუპოვეს.
მეორე ნახევარში ვითარება დიამეტრალურად შეიცვალა. მიზანი გაისწორა აკაკი ლომოურმა, ხოლო ბექა ბექაური და აკაკი დვალიშვილი სამწამიან ზონაში დომინირებდნენ. ქუთაისელებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნეს და პერიოდის დასრულებამდე სოლიდურადაც დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეულის წინ “ქუთაისი” 11 ქულით იგებდა და მატჩი გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მიიყვანა.
ქუთაისელებს 19 ქულით აკაკი ლომოურმა ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალეს ქუთაისელთა მეფარეებმა – ბექა ბექაურმა (15 ქულა, 10 მოხსნა) და აკაკი დვალიშვილმა (11 ქულა და 14 მოხსნა). “მარნეულში” 23 ქულით ლევან ელიაძე გამოირჩა. 11 ქულა გიორგი ვახანიას ანგარიშზე დაგროვდა.
“ქუთაისი” ნახევარფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც “რუსთავისა” და “ბათუმის” გადამწყვეტ მატჩში უნდა გამოვლინდეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
კოტე ტუღუში – „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:
„მეოთხედფინალური თამაში იყო და შესაბამისად, დაძაბულობა არ აკლდა. მიუხედავად იმისა, რომ „დელტა“ რეგულარულ ჩემპიონატში მერვე ადგილზე გავიდა, მოსალოდნელი იყო, რომ ბოლომდე იბრძოლებდა, რაც გააკეთა კიდეც. ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნეს, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მეორე ტაიმში შევძელით თამაშის გამოსწორება და მოვიპოვეთ გამარჯვება. ნახევარფინალში ველოდებით ჩვენს მოწინააღმდეგეს. ჩვენმა ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო, თუმცა იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება.“
აკაკი დვალიშვილი – „ქუთაისის“ მოთამაშე:
„ვთვლი, რომ ძალიან კარგი სერია იყო. თითქოს უთანასწორო ბრძოლა უნდა ყოფილიყო, რადგან პირველადგილოსნები შევხვდით მერვე ადგილოსნებს, თუმცა „დელტას“ მოთამაშეებმა საკმაოდ დაძაბული თამაში შემოგვთავაზეს. ჩვენ ალბათ კონცენტრაცია დაგვაკლდა და ბევრი შეცდომა დავუშვით. ამის შემდეგ მოვემზადებით ნახევარფინალისთვის, დაველოდებით ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, იმედია მოვახერხებთ ფინალში გასვლას.“
მარნეული – ქუთაისი
სტატისტიკა: 70:83