ქუთაისი საქართველოს ჩემპიონია!
სტატისტიკა
გალერეა კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი“ გახდა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა სუპერლიგის ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი
მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 76:71 მოუგო „დინამოს“ და საქართველოს ჩემპიონი პირველად
გახდა. ქუთაისელები ფინალში 2 წლის წინაც იყვნენ და მაშინაც მეტოქედ „დინამო“ ჰყავდა,
თუმცა 2014 წლის ფინალური სერია დინამოელებმა 3:1 მოიგეს.
წლეულს კი იმერულმა კლუბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქუთასელებმა ტიტული პირველად მოიგეს და ამით თავის
რეგიონს დიდი სიხარული მოუტანეს.
გადამწყვეტი მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ის არ
ჰგავდა სერიის წინამორბედ მატჩებს, რომლებშიც მეტოქე გუნდები მონაცვლეობით და დიდი
უპირატესობით იმარჯვებდნენ. ეს განსაკუთრებით ეხება ბოლო 2 მატჩს, რომელშიც ჯერ ქუთაისმა
იმარჯვა, მერე – დინამომ. დღევანდელი მატჩი კი მათ არ ჰგავდა. უაღრესად დაძაბული და
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.
არადა, დასკვნით წუთებამდე იყო ეპიზოდები, როცა როგორც
ერთი, ისე მეორე გუნდი სოლიდური სხვაობით დაწინაურდა, თუმცა ლიდერობას გუნდები დიდ
ხანს ვერ ინარჩუნებდნენ. პირველ პერიოდში ქუთაისელებმა 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს
(16:6), თუმცა დინამომ მეტოქეს ეფექტური დაცვა დაუპირისპირა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა
გუნდმა თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა.
თავის მხრივ, დინამოელებმაც მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა,
რაც მიხეილ ბერიშვილისა და მაქსიმ კოვაჩევიჩის შედეგიან თამაშს მოჰყვა. ქუთაისელები
უფრო გუნდურად თამაშობდნენ, თუმცა გამოსარჩვი იყო ბექა ბექაურის შეტევაში შედეგიანი
თამაში, რომელმაც პირველ ტაიმში 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და 19 ქულა დააგროვა.
მესამე პერიოდში დინამოელებმა 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს
და მეოთხედიც ამ სხვაობით დასრულდებოდა, ქუთაისელთა აზერბაიჯანელ უკანახაზელ მოედნის
ცენტრიდან 3-ქულიანი რომ არ ჩაეგდო. ბოლო პერიოდი დინაოელთა 1-ქულიანი ლიდერობთ განახლდა
და თამაში ბოლო წუთებამდე თანაბრად გაგრძელდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელებმა
მეტი შედეგიანობა გამოიჩინეს – გოგა ცეკვავამ, რიჩარდ მათიაშვილმა და ზაურ ფაშაევმა
ძალიან მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.
გამარჯვებულებს 24 ქულითა და 15 მოხსნით ბექა ბექაურმა
ულიდერა. 18 ქულა დააგროვა ზაურ ფაშაევმა, ხოლო გოგა ცეკვავას ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
„დინამოში“ 20 ქულით ბომბარდირი გახდა მაქსიმ კოვაჩევიჩი, ხოლო 16 ქულა ებრიუ მაკალპის
ანგარიშზეა.
მატჩისშემდგომი კომენატრები
კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): სეზონის კულმინაცია იყო დღევანდელი მატჩი. როგორი
დაძაბული სეზონიც იყო, ფინალური სერიაც ისეთი გამოვიდა. გადამწყვეტი მატჩი ძალიან საინტერესო
გამოვიდა და მაყურებელმაც ისიამოვნა. ეს გახლდათ საკალათბურთო ზეიმი და მოგებული მთლიანად
ქართული კალათბურთი გამოვიდა. მადლობა ყველას, ვინც გვქომაგობდა და მათაც, ვისაც უბრალოდ
ლამაზი სანახაობის ნახვა სურდა. ვფიქრობ, გავამართლეთ მათი იმედები.
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): „ძნელია
ისაუბრო ესეთი ფინალის მერე. არ მინდა უკომენტაროდ დავტოვო ქუთაისელთა გამარჯვება და
წარმატება. ასევე არ შეიძლება უკომენტაროდ დარჩეს ქუთაისელთა შესანიშნავი გულშემატკივრობა
და ის ატმოსფერო, რაც აქ სუფევდა. ესაა, რაც ნამდვილად ალამაზებს ქართულ კალათბურთს.
გამომდინარე აქედან, მე კიდე ერთხელ მინდა მივულოცო გამარჯვებულ მოთამაშეებს და მწვრთნელებს,
დამარცხებული მწვრთნელების და მოთამაშეების სახელით. ეს ყველა დამარცხებულს უნდა შეეძლოს
და არა ის, რომ უკომენტაროდ დატოვოს მოწინააღმდეგე გუნდის გამარჯვება.
რაც შეეხება დამარცხებულ გუნდს: მე მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩემი მოთამაშეების
მიმართ, ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას,
კლუბის პრეზიდენტს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს, გუნდის ექიმს, ჩვენს ოჯახებს, გულშემატკივარს
და ყველას, ვინც მთელი ეს დრო გვერდით გვედგა.
მინდა ორიოდე სიტყვით წლევანდელი სეზონიც შევაჯამო – იმ იმედგაცრუების მიუხედავად,
რაც მე მსაჯების მიმართ მაქვს, არ დავკონკრეტდები გვარებით იმიტომ, რომ ვთვლი ეს შეურაცხყოფა
იქნება ჩვენი, ზოგადად ქართული კალათბურთის მიმართ. ვისურვებდი, რომ მომავალში, არამარტო
სუპერფინალების, არამედ სხვა თამაშების ბედი გადაეწყვიტოს გუნდებს მოედანზე და არა
სხვა გარეშე ფაქტორებს. აქ მცირე დოზით გამოვხატავ ჩემს გულისტკივილს და იმედს ვიტოვებ,
რომ ეს გულისტკივილი არასოდეს განმეორდება და დაცული იქნება სპორტული სამართლიანობა.
დიდი მადლობა მთლიანად სუპერლიგას! მომავალ სეზონამდე!“
მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე ვერცხლის მედლებით დინამოელები კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ დააჯილდოვა. ოქროს მედლები ქუთაისელებს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გადასცა.
ტრადიციულად ქცეული საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის პრიზი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის სახელს ატარებს, „მგზავრების“ წევრ კახა ჯინჭარაძეს გადაეცა. პრიზიორს ტიტულით ზვიადის შვილებმა – სალომემ და იოანემ დაასაჩუქრეს.
კახა ჯინჭარაძე (სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი, „მგზავრების“ მოთამაშე): „წელს ძალიან გამორჩეული და კარგი სეზონი იყო, თანაბარი ძალებით, გამორჩეულად დაძაბული.
მე საკმაოდ ახალგაზრდა გუნდში ვთამაშობდი, რომელიც ძალიან კარგად დაკომპლექტებული იყო
და რეალური შანსი შანსი გვქონდა საუკეთესო 4-ეულში მოვხედრილიყავით. ამისათვის სულ
ცოტა, მხოლოდ და მხოლოდ 1 მოგება დაგვაკლდა. ალბათ გახსოვთ „მგზავრების“ თამაში სოხუმთან
– ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი. ვთვლი, რომ ჩემმა გუნდმა კარგი სეზონი ჩაატარა,
მიუხედავად პატარა ხარვეზებისა, ყველა ბოლომდე იხარჯებოდა. „მგზავრებში“ უკვე მეორე
წელია ვარ და კლუბის შესახებ დადებითის გარდა არაფერი მეთქმის: დაწყებული ხელმძღვანელობიდან
– პრეზიდენტი, მწვრთნელები, მოთამაშეებით დამთავრებული.
დღევანდელ ჯილდოს რაც შეეხება, დიდი მადლობა, ძალიან გახარებული ვარ, რომ გავამართლე
მათი იმედები, ვინც მენდობოდა. რა თქმა უნდა ყველა სპორტსმენის მიზანია საუკეთესო გახდეს.
ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა შრომას გიფასებენ. მადლობა ვინც ამირჩია და ამ ჯილდოს
მონიჭებით გვერდით დამიდგა.“
მეორე წელია, თამაშდება ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობით თასი, რომელიც სეზონის გამორჩეულ ახალგაზრდა კალათბურთელს დაგაეცემა. დინამოელ ნოდარ გოგოძეს აღნიშნული თასი გელა დარსაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნინომ გადასცა.
ნოდარ გოგოძე (გამორჩეული ახალგაზრდა კალათბურთელი,
„დინამოს“ მოთამაშე): „სეზონის შესაფერისი, ძალიან დაძაბული ფინალი იყო და ბოლო წუთებამდე
გაურკვეველი იყო ჩემპიონის ვინაობა. უკვე მეორედ ვიღებ ამ ჯილდოს და ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანია ამ ადამიანის სახელობის პრიზი, რადგან მე მას პირადად, ძალიან ახლოს
ვიცნობდი და ვამაყობ ამით.“
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ტრადიციულად ჩემპიონი გუნდიდან დასახელდა. ქუთაისელთა თავკაც კოტე ტუღუშს ცნობილი ქართველი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ილიას ზუროსმა უსახსოვრა.
მოგეხსენებათ, ყოველწლიურად ტარდება გამოკითხვა სეზონის
MVP-ის
გამოსავლენად, რომელშიც მონაწილეობას ჟურნალისტები, კომისრები და გუნდების მწვრთნელები
ღებულობენ. წელს გამოკითხვის შედეგად MVP კლუბ
„რუსთავის“ ლეგიონერი ნიკოლა გაჩეშა გახდა.
და ბოლოს, ჩემპიონ ქუთაისელთა კაპიტან დავით ბარბაქაძეს სუპერლიგის 2015-16 წლის სეზონის საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა.
ბადრი კეთილაძის (worldsport.ge) და სუპერლიგის პრეს-სამსახურის ფოტოები