სუპერლიგის მორიგი ტურის დღეს დანიშნული თამაშები დასრულდა. მეორე მატჩში ერთმანეთს “ცხუმ-აფხაზეთი” და “ქუთაისი” შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ამ ეტაპზე უფრო კარგ ფორმაში მყოფი ქუთაისელების გამარჯვებით – 89:84 (სტატისტიკა) დასრულდა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმელებმა მთელი თამაში იბრძოლეს, ჩამორჩენა არაერთხელ აღმოფხვრეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. ქუთაისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერის, ჟოელ ალმეიდას დიდი დახმარებით მოიგეს. კალათბურთი გუნდური სპორტია და რთულია 1 კონკრეტულ მოთამაშეზე მთელი გამარჯვების მიწერა, თუმცა რაც ალმეიდამ ამ შეხვედრაში იხეირა, მის გარეშე იმერულ კლუბს გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდებოდა.
სტატისტიკას, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი შეადგინა, თავი რომ დავანებოთ, ალმეიდამ გუნდს ჭეშმარიტად ულიდერა. ის აუღელვებლად, დინჯად მოქმედებდა მოედანზე და ჩასაგდებს ხომ აგდებდა და ქუთაისელთა კომბინაციებს ალაგებდა. ის ზუსტად იმ მომენტში უტევდა და აგდებდა, როცა ქუთაისელების ლიდერობას საფრთხე დაემუქრებოდა. რა თქმა უნდა, მას თანაგუნდელებიც მხარს უბამდნენ, თუმცა როგორც იტყვიან, თამაშს ალმეიდა “აკეთებდა”.
საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, ბოლო წუთზე ვითარება არ დაძაბულა. ზემოთხსენებულ ალმეიდას შემდეგ იმერულ კლუბში 17 ქულით კაშიმ რენსომი გამოირჩა, 12 ქულა კი ილია ლონდარიძის ანგარიშზე დაგროვდა. ცხუმ-აფხაზეთში 17 ქულით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 16 ქულა ტაილერ გრინმა, ხოლო 14 – გიორგი შარაბიძემ მოაგროვეს.
სუპერლიგის მორიგი მატჩები 14 მარტს, რუსთავსა და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
თბილისი: კაკტუსი – თსუ 13:00, ტიტები – დინამო 15:30
რუსთავი: რუსთავი – მგზავრები 16:00