სუპერლიგის მე-2 ტური არათანაბარი მატჩით დასრულდა. გასული სეზონის ვერცხლისმედალოსანმა “ქუთაისმა” თბილისში “ოლიმპი” დაამარცხა. მატჩის ბედი მეორე პერიოდში უკვე გადაწყვეტილი იყო, რომლის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ქუთაისელები 41 ქულის სხვაობით – 56:15 იგებდნენ.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. საწყის ტურში “ვერასთან” განცდილი მარცხის შემდეგ იმერულმა კლუბმა რეაბილიტირება შეძლო და დღევანდელ შეხვედრაში “ოლიმპს” შანსი არ დაუტოვა. პირველი პერიოდის ბოლო წუთზე ერთმანეთზე გაწევ-გამოწევის გამო მოედნიდან ოლიმპელი კახა ჯინჭარაძე და ქუთაისელი მილოშ პაიოვიჩი გააძევეს. პირველი ტაიმის ბოლოს კი ტრიბუნებზე გადაინაცვლა ილიმპელთა კაპიტანმა რევაზ როგავამაც, რომელმაც არბიტრებისგან მეორე ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა. საბოლოოდ “ქუთაისმა” 91:60 მოიგო.
ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო ბექა ბექაური – 18 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი. 15 ქულა მოაგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო 12-12 ქულა ავთანდილ ლომინაშვილისა და ჯეიმს მილიკენის ანგარიშზე დაგროვდა. “ოლიმპში” 14 ქულით ბომბარდირი გახდა კორი ჰოლდენი. 12 ქულა დევიონ ტერნერის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-3 ტურის მატჩები 25 ოქტომბერს ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო 26 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.
ოლიმპი – ქუთაისი
სტატისტიკა: 60:91