საკალათბურთო სუპერლიგის მე-20 ტური დღეს, 26 მარტს, რეგიონებში, 2 მატჩით დაიწყო. პირველი შეხვედრა ტყიბულში გაიმართა, სადაც სათამაშოდ მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი თსუ ჩავიდა. დებიუტანტი ორბი საკმაოდ კარგად მიიწევს წინ და ამ შეხვედრის მოგების ამბიციაც ჰქონდა, თუმცა შეხვედრა ფავორიტად მიჩნეულმა თსუ-მ იოლად მოიგო.
საბოლოო ანგარიში უნივერსიტეტელთა 12-ქულიან ლიდერობას გამოსახავს, თუმცა ბოლო პერიოდის წინ სხვაობა 29 ქულა გახლდათ. თსუ-მ კახა ჯინჭარაძის ლიდერობით პირველი, მეორე და მესამე პერიოდები დამაჯერებლად მოიგო და დასკვნით მეოთხედს სპორტული ინტერესი დაუკარგა – 88:59 იგებდა. დარჩენილ 10 წუთში ორბმა კენი კუპერის შედეგიანი თამაშით ჩამორჩენის მხოლოდ შემცირება მოახერხა. საბოლოოდ თსუ-მ 101:89 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ცხრილში დროებით გალიდერდა.
უნივერსიტეტის გუნდს ჯინჭარაძემ ულიდერა, რომელიც ისევ სამმაგი დუბლის ზღვარზე მივიდა – 29 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი. 23 ქულა ტაირი ბოიკინმა მიითვალა, ხოლო ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 14 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. ორბში კენი კუპერს ერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 33 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი. 27 ქულა ჯონ ნეიგლის ანგარიშზეა.
მეორე მატჩსაც იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. თსუ-ს უშუალო კონკურენტმა ქუთაისმა სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი მარგვეთი ისტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში – 91:86 (სტატისტიკა) დაამარცხა. იმერული დერბი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ზესტაფონელებმა წინა ტურში ლიდერი თსუ დაამარცხეს და იმავეს უპირებდნენ ქუთაისს, მაგრამ ბოლო პერიოდში კოტე ტუღუშის გუნდმა მობილიზება მოახერხა და საჭირო გამარჯვებას მიაღწია.
მასპინძლებს გიორგი კორსანტიამ ულიდერა – 21 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი. 22 ქულა და 9 მოხსნა მარქუს გილსონმა, ხოლო 15 ქულა და 7 პასი დეტრიკ ბრაუნინგის ანგარიშზეა. 19 ქულითა და 10 მოხსნით მარგვეთში საუკეთესო იყო მარტი ჯექსონი. 17 ქულა ლაშა მიქელაძემ დააგროვა. ამ მოგებით ქუთაისმა ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ხვალ თუ გურჯაანის დელტა თბილისში, კავკასიას მოუგებს, პირველობას დაიბრუნებს.
კავკასია-გურჯაანთან ერთად 27 მარტს თბილისი არენაზე რაშისა და გაუ-ს დაპირისპირებაც შედგება.