ქუთაისმა ბათუმი დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა

ქუთაისმა ბათუმი დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა

სუპერლიგის მე-6 ტურის მორიგ მატჩს იმერეთის მთავარქალაქმა უმასპინძლა – “ქუთაისი 2010” “ბათუმის” წინააღმდეგ. რეგიონის გუნდების ეს დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა და ასე იყო ახლაც. საკმაოდ დაძაბულ, საინტერესო ორთაბრძოლაში წარმართული მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, რაც კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის ზედიზედ მე-4 გამარჯვება იყო მიმდინარე სუპერლიგაში.

ქუთაისელებმა ჩემპიონატი რუსთავში მარცხით რომ დაიწყეს, მას შემდეგ მარცხის გემო არ იციან. იმერულმა კლუბმა ზედიზედ დაამარცხა გაუ, მარგვეთი, გურჯაანი და დღეს ბათუმსაც სძლია. მასპინძლებმა პირველი და მეორე პერიოდები მოიგეს და დიდ შესვენებაზე დამაჯერებლად – 48:36 იგებდნენ. ზღვისპირელები შესვენებიდან სხვანაირად მონდომებულები და შემართულები დაბრუნდნენ. მათი მწვრთნელის, ბუბა ბერიშვილის ტაქტიკამ გაამართლა და სტუმრებმა მესამე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე ანგარიშიც გაათანაბრეს – 70:70.

ქუთაისელებს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუხდათ, რასაც ტუღუშმა და კომპანიამ თავი კარგად გაართვა. დაცვა, კონტრშეტევები და მიხეილ ბერიშვილის სამქულიანები – ეს იყო ქუთაისელთა გამარჯვების მთავარი მიზეზები. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მასპინძლებმა ისე მოიგეს, დიდად არ უნერვიულიათ – 91:85 (სტატისტიკა)

ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო ეროვნული ნაკრების წევრი მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც 6 სამიანი და 20 ქულა ჩააგდო – პლუს 6-6 პასი-მოხსნა. 15-15 ქულა მოაგროვეს გიორგი კორსანტიამ და დეტრეკ ბრაუნინგმა. ბათუმელთაგან 21 ქულით ლუკა კალატოზიშვილი გამოირჩა, ოთარ ბულიავამ 17 ქულა მოაგროვა.

სუპერლიგის ცხრილის სათავეში ქუთაისი მოექცა, თუმცა დაკარგული ქულებით ლიდერი თსუ-ა 3-დან 3 გამარჯვებით. მე-6 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 19 ნოემბერს თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

ფოტო: ქუთაისი 2010-ის პრეს-სამსახური