“ქუთაისმა” “დელტასთან” წააგო და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა

“ქუთაისმა” “დელტასთან” წააგო და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა

სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონმა “ქუთაისმა” მე-9 ტურში წაიფორხილა და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა. გათამაშების ცხრილს ახლა 2 თანაბარქულიანი გუნდი ლიდერობს – დღეს “დელტასთან” დამარცხების შემდეგ იმერულ კლუბს “დინამო თბილისი” წამოეწია.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისურ გუნდს მიმდინარე სუპერლიგაში ერთი წაგება ჰქონდა – შინ “მგზავრებთან”. დღეს ქუთაისელები “დელტას” დაუპირისპირდნენ და ისე დამარცხდნენ, მატჩის ბოლო წუთებზე ვითარება არც დაძაბულა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი დელტელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ სამაგალითო ბრძოლისუნარიანობა და სათამაშო დისციპლინა გამოავლინეს, რისი წყალობითაც დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი პერიოდის შემდეგ მასპინძლები 29:22 იგებდნენ, თუმცა ქუთაისელებმა მეორე ათწუთეულში ზუსტი სამქულიანებითა და სწრაფი შეტევებით ვითარება გამოასწორეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 48:49. “დელტამ” მესამე პერიოდში გუნდური თამაშის ხარჯზე ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, რასაც ქუთაისელთა შეცდომები დაერთო, რომლებიც საკმარისზე მეტ ბურთს აცილებდნენ და ბოლო პერიოდში სხვაობამ 10 ქულას რომ გადააჭარბა, მატჩის ბედიც “დელტას” სასარგებლოდ გადაწყდა – 91:80.

გამარჯვებულთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო მალკოლმ დრამრაითი. 18 ქულა მიითვალა ოთო ფხაკაძემ, 16 ქულა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო ზვიად ანთაძემ გამარჯვებულებს 15 ქულა მიაშველა. “ქუთაისში” 23 ქულით საუკეთესო იყო დეჟან რაითი. 13 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ჯონათან ლის და ტერენს ტომპსონის ანგარიშზე 12-12 ქულა დაგროვდა.

დელტა – ქუთაისი
სტატისტიკა: 91:80