სუპერლიგის ფინალურ სერიაში მე-5, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2017-2018 წლების ჩემპიონის ბედი 1 მატჩზეა დამოკიდებული. 30 მაისს, ქუთაისში დანიშნულ ეგრედ წოდებულ სუპერფინალურ მატჩს რომელი გუნდიც მოიგებს, ჩემპიონიც ის გახდება. “ქუთაისი” “დინამოს” უმასპინძლებს და გამარჯვებულს სეზონის უმთავრესი ტიტული ერგება.
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრას ინტრიგა არ აკლდა, თუმცა დაძაბულობით ისე ვერ გამოირჩა, ფინალს რომ შეშვენის. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, ქუთაისელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რაც უპირველეს ყოვლისა, დაცვაში თამაშის ხარჯზე მოახერხეს. წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც დინამოელები ფარქვეშ დომინირებდნენ და ქულას ქულაზე იხვეჭდნენ, მასპინძლებს თითოეული ქულის მოპოვება ძალიან უჭირდათ. იმერული კლუბის მოძრავი ზონური დაცვა სამწამიანში არ უშვებდა დინამოელებს, ხოლო სწრაფი გადაადგილების ხარჯზე ქუთაისელები პერიმეტრზეც დროულად იწევდნენ და მეტოქის სამქულიან სროლებს მიზანს ურევდნენ.
ასეთი წარმატებული თამაში სტუმრებმა პირველი პერიოდის შემდეგ წამოიწყეს, მანამდე კი დინამოელები მეთოდურად ახერხებდნენ ქულების მოპოვებას და პირველი პერიოდი 16:13 მოიგეს. მეორედან კი სტუმართა დომინირება დაიწყო და თითქმის ყველა სათამაშო რგოლში უპირატესობის მოპოვების შემდეგ “ქუთაისმა” მეორე ათწუთეული 19:8 მოიგო და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდა – 32:24.
მეორე ტაიმი კვლავ ქუთაისელთა შედეგიანობით განახლდა. “დინამოს” მესამე პერიოდში თამაშის სტილისა და ტაქტიკის შეცვლა მართებდა, წარმატებისთვის რომ მიეღწია, თუმცა, პირიქით მოხდა. სტუმართა სწრაფი შეტევებისა და ზუსტი შორი სროლების შემდეგ ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა. მესამე პერიოდის პირველი ნახევარი ქუთაისელებმა 18:5 მოიგეს, 50:29 დაწინაურდნენ და გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს. საბოლოო წარმატების მისაღწევად სტუმრებს იმ შეცდომების თავიდან არიდება მართებდათ, რაც წინა მატჩში დაუშვეს, როცა ბოლო პერიოდში 11-ქულიანი ლიდერობა დაკარგეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.
დინამოელებს შანსი ნამდვილად ჰქონდათ: მესამე პერიოდი შედეგიანად ჩაამთავრეს და ბოლო 2-წუთიან შესვენებაზე 13-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა რეივენ ლის სამქულიანის შემდეგ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, თუმცა სტუმართა თავკაცმა, კოტე ტუღუშმა წუთშესვენება აიღო და თამაშის დასაბალანსებლად შესაბამისი ზომები მიიღო. ქუთაისელმა კალათბურთელებმა შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ 63:55 და “ქუთაისმა” ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
გამარჯვებულთგან ყველაზე სასარგებლო დეჟუან რაითი იყო, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილმა გაიფორმა – 10 ქულა, 14 მოხსნა. ბომბარდირი კი ბექა ბექაური გახდა 15 ქულით. “დინამოში” 11 ქულით მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა. 10 ქულა დაგროვდა რეივენ ლის ანგარიშზე.
ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი ქუთაისში 30 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.
დინამო – ქუთაისი
სტატისტიკა: 55:63
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის დაჯილდოვება
სუპერლიგაში ტრადიციულად სახელდებიან სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეები. ყოველწლიურად ვლინდება სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელსაც ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის – ზვიად მიქაძის ოჯახისა და მეგობრების მიერ დაწესებული თასი გადაეცემა.
ამასთან, დაწესებულია ცნობილი ქართველი კალათბურთელის – გელა დარსაძის სახელობის თასი, რომელიც სეზონის გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა. ამ სეზონში ორივე ამ ტიტულის მფლობელი გახდა “კაკტუსის” ცენტრი გიორგი ტურძილაძე.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს პრიზები ზვიად მიქაძის შვილებმა, სალომემ და იოანამ გადასცეს, ხოლო გელა დარსაძის სახელობის პრიზით გიორგი ტურძილაძე გელა დარსაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნინომ დარსაძემ დააჯილდოვა.