ქუთაისმა დინამოს სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ქუთაისმა დინამოს სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა

სუპერლიგის ფინალური სერია დაძაბული და საინტერესო მატჩით გაიხსნა. ქუთაისის სპორტის სასახლეში საჩემპიონო სერიის პირველ შეხვედრაში “ქუთაისი 2010”-მა 77:71 დაამარცხა “დინამო თბილისი” და 1:0 დაწინაურდა. ფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩი კი ქუთაისის სპორტის სასახლეში 24 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.

ქუთაისელთა გამარჯვებას ელფერს მატებს ის გარემოება, რომ შეხვედრა დინამოელთა სრული დომინაციით დაიწყო და სადებიუტო 11:0 გაქცევის შემდეგ, სტუმრებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს. პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე დინამოელთა უპირატესობამ 15 ქულას უწია – მიხეილ ბერიშვილის ზუსტი ტყორცნის შემდეგ ანგარიში 19:4 გახდა.

მასპინძლები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ. თამაში მალევე უნდა გამოესწორებინათ, რადგან მოქმედ ჩემპიონს 20-ქულიანი ლიდერობისთვის რომ გადაებიჯებინა, მას დიდი ალბათობით აღარ გაანიავებდა. ქუთაისელებმა მოახერხეს სტუმართა დაცვისთვის გასაღების მორგება და ბექა წივწივაძის შედეგიანი თამაშით პირველი პერიოდის ბოლომდე დეფიციტი 9 ქულამდე შეკვეცეს, ხოლო მეორე მეოთხედიდან თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს. 

გუნდური თამაშისა და მწყობრი დაცვის ხარჯზე, ქუთაისელებმა ჩამორჩენა დიდი პერიოდისთვის 3 ქულამდე შეამცირეს (37:40), რის შემდეგაც ბოლო წუთებამდე ეგრედ წოდებული ქულა-ქულაში თამაში გაგრძელდა, როცა ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდად გალიდერებას და ლიდერიც რამდენჯერმე შეიცვალა.

მესამე ათწუთეულის ბოლოს მასპინძლებმა მაინც იძალეს და ბოლო მეოთხედის წინ 6 ქულით -59:53 გალიდერდნენ. დინამოელებმა შეხვედრა ხეირიანად განაახლეს და კაელ ტურპინის შედეგიანობით ანგარიში 61:61 გახდა. აქ მატჩის გმირობა გამოცდილმა გიორგი ბარბაქაძემ ითავა, რომელმაც სამქულიანით ქუთაისელები 64:61 დააწინაურა და დარჩენილ 5 წუთში კიდევ 2 სამიანი მიითვალა, რომლებმაც ქუთაისელებს მოგება გაუნაღდა. საკვანძო ბარბაქაძის ორივე ტყორცნა – პირველის შემდეგ მასპინძლები 70:64 დაწინაურდნენ, თუმცა დინამოელებმაც სამიანით  უპასუხეს. ბარბაქაძის გამარჯვების მომტანი სამქულიანი საფინალო სირენამდე 62 წამით ადრე ჩავარდა, რის შემდეგაც ქუთაისელები 6 ქულით – 63:57 დაწინაურდნენ და პირთამდე სავსე დარბაზის გასახარად, გამარჯვება გაინაღდეს.

ქუთაისელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გახდა დეჟუან რაითი, რომელმაც 6-6 მოხსნა-პასიც მიითვალა. 14 ქულა და 7 პასი მოაგროვა ბექა წივწივაძემ, გიორგი ბარბაქაძემ კი 12 ქულა ჩააგდო – სულ სამქულიანები. “დინამოში” 17 ქულით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი, 15 ქულა დააგროვა ნოდარ გოგოძემ, ხოლო მატჩის ერთადერთო ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა – ილია ლონდარიძემ გაიფორმა.

ქუთაისი – დინამო 
სტატისტიკა: 77:71

სერიას იგებს ქუთაისი – 1:0