სუპერლიგის კიდევ ერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა “ქუთაისმა” აუტსაიდერ “დინამოსთან” ბეწვის ხიდზე გაიარა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა დამატებით დროში, ბოლო წამებზე მიაღწიეს გამარჯვებას და ჩემპიონატში დაკარგული ქულებით ლიდერები არიან. ნომინალურად პირველ ადგილზე თსუ-ია, რომელსაც ქუთაისელებზე 2-ით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ორივე წაგებული.
“ქუთაისისა” და “დინამოს” შეხვედრა საკმაოდ ქულუხვი გამოდგა – 110:107 (სტატისტიკა) იმერული კლუბის სასარგებლოდ. მატჩის უმეტეს დროს ქუთაისელები იგებდნენ, რომელთა უდიდესმა ლიდერობამ ერთ ეპიზოდში 12 ქულას მიაღწია, დინამოელები კი უმეტესად მდევრის როლში იყვნენ და მაქსიმალური, 3 ქულის სხვაობით იგებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, გამარჯვებასთან უფრო ახლოს “დინამო” იყო. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა რეალური მოგება ხელიდან ჯერ ძირითადი დროის, შემდეგ კი ოვერტაიმის ბოლოს გაუშვა.
თავად განსაჯეთ: ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წამით ადრე 92:93 ჩამორჩენილი “დინამოს” ლიდერი ლუკა ბულაშვილი საჯარიმოს ხაზზე დადგა და ორივე რომ ჩაეგდო, შეხვედრა ოვერტაიმში აღარ გადავიდოდა და დინამოელთა გამარჯვებით დასრულდებოდა. ამ შეხვედრაში 38 ქულის მიმთვლელმა ბულაშვილმა, რომელმაც ჯამში 12-დან 11 საჯარიმო მიითვალა, მაინცდამაინც ის 1 საჯარიმო ბოლო წამებზე ააცილა და შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვისას საყაიმო ანგარიში – 93:93 დაფიქსირდა.
უფრო რეალური იყო დინამოელთა მატჩის მოგების მეორე მცდელობა, როცა ოვერტაიმის დასრულებამდე სამიოდ წამით ადრე ქუთაისელთა ფარქვეშ სრულიად მარტო მყოფმა დინამოს ცენტრმა მერაბ მირზიაშვილმა ბურთი მიიღო და… რომ ჩაეგდო, 107:108 ჩამორჩენილი დინამო ქულით დაწინაურდებოდა და დიდი ალბათობით, წუთშესვენების არმქონე ქუთაისელები დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენას ვეღარ მოასწრებდნენ. დინამოელთა, განსაკუთრებით კი თავად მირზიაშვილის სამწუხაროდ ბურთი რკალმა აისხლიტა და კალათში არ ჩაეშვა.
ეს იყო ამ მატჩის 2 საკვანძო მომენტი, სხვა მხრივ კი ძირითადად ქუთაისელები ლიდერობდნენ და თითქმის მთელი თამაში სიტუაციას აკონტროლებდნენ. იმერულ კლუბს სადავეები ხელიდან მესამე პერიოდის ბოლოს გაექცა, რითაც დინამოელებმა ისარგებლეს და სწრაფი კონტრშეტევებით, განსაკუთრებით კი შორი სროლებით ლიდერობა მოიპოვეს. ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის ძირითადი დროისა და ოვერტაიმის ბოლო წამები უაღრესად დრამატული გამოდგა.
ქუთაისელთაგან ყველაზე სარგებლიანი კაჰიმ რენსომი გახლდათ – 23 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა. 25 ქულა დეჟან რაიტმა დააგროვა, 20 ქულა კი გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზეა. “დინამოში” 38 ქულით ბულაშვილი გამოირჩა, 25 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა, ხოლო 14 – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა მოაგროვა.