ქუთაისმა იმარჯვა, წრე – დამთავრდა

ქუთაისმა იმარჯვა, წრე – დამთავრდა

სუპერლიგის პირველი წრე დასრულდა. მე–11 ტურის ბოლო შეხვედრაში
ერთმანეთს თსუ–სა და ქუთაისის გუნდები ხვდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ
გულშემატკივარი საინტერსო დაპირისპირებას 
ელოდა, ბრძოლა არ შედგა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ერთ–ერთი ლიდერი და ფარქვეშა
იმედი რიჩარდ მათიაშვილი აკლდა. დანარჩენმა მეფარეებმა ვერ მოახერხეს ქუთაისელთა
სამწამიანში შეჩერება, რასაც იმერული გუნდის უკანახაზელების სწრაფი და ზუსტი
თამაში დაემატა. შედეგად, „ქუთაისმა“ პირველივე მეოთხედში უდიდესი უპირატესობა
მოიპოვა და თამაშის ბოლომდე თსუ–სთვის შანსი არ მიუცია.

პირველი მეოთხედი იმერლებმა 26:13 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი
მათმა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა – 49:25. ეს იყო და ეს, ქუთაისელებს
თამაშის ბოლომდე თსუ ახლოს აღარ მიუკარებია და დაამტკიცა, რომ წინა ტურში შინ
„ბათუმთან“ დამარცხება, შემთხვევითობა იყო.

ერთადერთი პასი დააკლდა ქუთაისელ ბუბა კვიმსაძეს სამმაგ დუბლამდე,
რომელმაც 15 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. სტუმართა ბომბარდირი კი ბიქტორ
კოღუაშვილი გახდა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა. მან ფარქვეშიდან დიდი აკურატულობა
გამოიჩინა და 12 სროლიდან 9 ჩააგდო. თსუ–ში კი 17 ქულით ზურაბ კორკოტაძე გამოირჩა.

ამ მატჩამდე გაიმართა სტუ–სა და აგრარული უნივერსიტეტის გუნდის
შეხვედრა, რომელიც ტექნიკოსთა იოლი გამარჯვებით – 82:63 დასრულდა. ზურაბ ტომარაძის
გაწვრთნილმა სტუ–მ სეზონი 7 მარცხით დაიწყო, თუმც პირველი წრის ბოლო 3 შეხვედრა
მოიგო და ცხრილში მე–8 ადგილზე აინაცვლა.

საერთოდ კი ცხრილში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. პირველი ადგილი
ერთპიროვნულად :“არმიას“ უკავია, რომელმაც 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მარცხი, ისიც
პირველ ტურში განიცადა. შემდეგ მოდის ერთბაშად 4 თანაბარქულიანი გუნდი – შსს–მ,
„ენერჯიმ“, „ქუთაისმა“ და თსუ–მ 3 მარცხის წილ 7–7 მატჩი მოიგეს. ეს გუნდები II-V ადგილებს ინაწილებენ. 

სუპერლიგაში ახლა საშობაახალწლო დასვენება დაიწყება და მეორე წრე 4
თებერვალს განახლდება.