ქუთაისმა კაკტუსი ბოლო წამებზე დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა

ქუთაისმა კაკტუსი ბოლო წამებზე დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის პლეი ოფი ქუთაისში ნახევარფინალური სერიით
გაიხსნა. რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულმა „ქუთაისმა“ მესამეადგილოსან
„კაკტუსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 85:83 დაამარცხა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხან
ერთი გუნდი იგებდა დამაჯერებლად, ხანაც მეორე, თუმცა ბოლო წუთებზე თამაშიც და ანგარიშიც
გათანაბრდა, დაძაბულობამაც იმატა და შეხვედრის ბედი დასკვნითმა წამებმა გადაწყვიტა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და პირველსავე მეოთხდში
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი „კაკტუსი“ 10 ქულით დაწინაურდა. მეორე პერიოდში მასპინძლებმა
თამაში გამოასწორეს და 22:32 ჩამორჩენის შემდეგ 16:0 გაქცევა მოაწყვეს, 38:32 გალიდერდნენ
და დიდ შესვენებაზე დამშვიდებულები გავიდნენ.

მესამე პერიოდში სტუმრებმა რეაბილიტაცია შეძლეს, ჯერ
ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო ბოლო პერიოდში ლიდერობა დაიბრუნეს. შეხვედრის დასრულებამდე
7 წუთით ადრე „კაკტუსი“ 9 ქულით დაწინაურდა და კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები
წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგნენ.

იმერულ კლუბს სჩვევია მყისიერად ვითარების შეცვლა და
სწორედ ასე მოხდა, როცა გიორგი ცინცაძემ და ბექა ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით ჩააგდეს
უმნიშვნელოვანესი ქულები და მასპინძლებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი, დასრულებამდე
3 წუთით ადრე 4 ქულით – 81:77 დაწინაურდნენ.

„კაკტუსი“ მაინც არ დანებდა და ჩამორჩნა 2 ქულამდე შეამცირა,
ხოლო ბოლო წუთზე შეტევის უფლებაც მოიპოვა და დავით ლომიძეს სამქულიანი რომ ჩაეგდო,
თბილისელები წინაც გავიდოდნენ. „ქუთაისელთა“ მსროლელმა, აკაკი ლომოურმა საფინალო სირენამდე
ორიოდე წამით ადრე უმნიშვნელოვანესი ორქულიანი მიითვალა და „ქუთაისი“ 83:79 დაწინაურდა.

კაკტუსელმა ტერიკ ბრიჯმენმა სწრაფი ორულიანი ჩააგდო,
ხოლო სტუმრებმა დაცვაში ტაქტიკური ჯარიმა აიღეს. გიორგი ცინცაძემ  ზუსტად ესროლა საჯარიმოები და 4-ქულიანი სტატუს-კვო
აღდგა. ბექა ჩიკვილაძემ დასრულებამდე 3 წამით ადრე სწრაფი ორქულიანი მიითვალა, თბილისელთა
ჩამორჩნა 2 ქულამდე შეამცირა და კარგი დაცვის ხარჯზე სტუმრებმა გვერდიდან შემოტანილი
ბურთიც ჩაუჭრეს ქუთაისელებს. თუმცა „კაკტუსს“ დრო არ ეყო: ბექა ჩიკვილაძე იძულებული
იყო მოედნის ცენტრიდან ესროლა, რომელიც არ ჩავარდა და „ქუთაისი“ 85:83 გამარჯვებით
სერიაში 1:0 დაწინაურდა.

გამარჯვებულებს 15 ქულითა და 8 მოხსნით გიორგი ცინცაძემ
ულიდერა. 15 ქულა ჩააგდო ზაურ ფაშაევმაც, ხოლო კიდევ ერთმა უკანახაზელმა გოგა ცეკვავამ
შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. „კაკტუსში“ 25 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით საუკეთესო
იყო ბექა ჩიკვილაძე. ტაილერ უაითმა 18 ქულა დააგროვა, ჯონ ფლოვიესის ანგარიშზე კი ორმაგი
დუბლი – 11 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.

სერიის მომდევნო, მეორე მატჩიც ქუთაისში, 5 მაისს,
18:30 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში, (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ნახევარფინალებია და რათქმა უნდა დაძაბული შეხვედრები იქნება. ახლა შეიძლება ბევრი ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არ წაგვივიდა თავიდან თამაში, მაგრამ ვფიქრობ ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს. ამის ნაცვლად მოვემზადებით მეორე თამაშისთვის, რომელიც უკვე ხვალ გველოდება. კარგია რომ სერიაში ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ.
აჩიკო ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ქუთაისს დამსახურებულ გამარჯვებას, თუმცა ვთვლი რომ გამარჯვებასთან ჩემი გუნდიც ახლოს იდგა, სამწუხაროდ ბოლო წამებზე არ გაგვიმართლა, თუმცა ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისათვის. ხვალინდელი თამაშითვის მოვემზადებით. სერია 3 მოგებამდე გრძელდება და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

ფოტოები: დიმა კაციტაძე (ქუთაისი-2010-ის პრეს-სამსახური)