ქუთაისში დასრულდა სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის
მესამე გადამწყვეტი მატჩი, სადაც ნახევარფინალური საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს
ადგილობრივი ,,ქუთაისი“ და თსუ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ქუთაისის გამარჯვებით დასრულდა,
რომელმაც თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის
გუნდს გადამწყვეტ მატჩში 81:65 სძლია, სერიაში 2:1 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრის საწყისი წუთები გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა,
თუმცა ათწუთეულის მიწურულს დაწინაურება მასპინძლებმა მოახერხეს და პერიოდის ბოლოს 17:12 გავიდნენ წინ. მეორე მეოთხედის პირველივე წუთზე
,,სტუდენტებმა“ ანგარიში გაათანაბრეს (17;17), რის მერეც თამაში ქულა-ქულაში წავიდა.
აღნიშნული პერიოდის მობილიზება საბოლოოდ მასპინძლებმა შეძლეს და პირველ ტაიმში 7 ქულის
სხვაობით, 42:35 იმარჯვეს. მესამე მეოთხედში გუნდებმა თანაბარი თამაში აჩვენეს, თუმცა
თსუ-ს გუნდმა ამჯერად ვეღარ მოახერხა საყაიმო
ანგარიშის დაფიქსირება და მეტოქეს 49:56 ჩამორჩა.
დასკვნით პერიოდში ქუთაისელებმა შეძლეს თამაშზე კონცენტრაცია და უპირატესობა კიდევ
უფრო გაიმყარეს. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:14 წუთით ადრე ქუთაისი 71:59 დაწინაურდა, დარჩენილ დროში კი თსუ-მ
მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და პლეიოფს ნაადრევად გამოეთიშა.
ქუთაისის შემადგენლობაში 15 ქულით რევაზ დიდია გამოირჩა,
ხოლო ორმაგი დუბლი რიჩარდ მათიაშვილისა და დარკო კოჰადარევიჩის ანგარიშზეა. მათიაშვილმა
14 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა, ხოლო კოჰადარევიჩმა საკუთრ გუნდს 12 ქულა და 14 მოხსნა შესძინა.
თსუ-ს მხრიდან
საუკეთესო სოსო შერმადინი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა
– 23 ქულა და 9 მოხსნა.
მატჩის დასრულების შემდეგ ქუთაისისა და თსუ-ს მწვრთნელებმა
შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
დავით უსტიაშვილი
(ქუთაისის მწვრთნელი): მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ
და ნახევარფინალში გავედით. თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებდით
და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თსუ-მ დიდი ბრძოლა გაგვიმართა, მაგრამ დასკვნით
მეოთხედში საბოლოოდ გავტეხეთ მეტოქე და ნახევარფინალური საგზური მოვიპოვეთ. მომდევნო
ეტაპზე ჩვენი მეტოქე ,,ოლიმპი“ იქნება, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია. ასე, რომ წინ
ძალიან რთული და დაძაბული მატჩები გველოდება.
ნუგზარ ჭეიშვილი
(თსუ-ს მწვრთნელი):იმ პირობების გათვალისწინებთ, რაშიც თსუ იმყოფება, ვფიქრობ კარგ
შედეგს მივაღწიეთ. ჩვენი გუნდი სამი პერიოდის განმავლობაში იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მეტოქემ გვაჯობა,
რომელმაც მატჩში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებმა
ძალინ მოინდომეს და თავი არ დაზოგეს, ჩვენი რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა. . მოწინააღმდეგე გუნდმა გამოცდილების
ხარჯზე დაგვამარცხა. ამას გარდა, ,,ქუთაისი“ საკუთარ მოედანზე თამაშობდა და მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის ფაქტორიც,
რომელიც მოგეხსენებათ, მე-6 მოთამაშის როლს ასრულებს. ამ გარემოებებს თან დაერთო შეხვედრის მსაჯების სიმპათიები მასპინძელი გუნდის
მიმართ.
რაც შეეხება
სუპერლიგის ნახევარფინალში მოასპარეზე გუნდებს, ჩემი სუბიეტური აზრით, განსაკუთრებით
,,ოლიმპს“ გამოვყოფდი, რომელიც თავისი შემადგენლობით დიდი შესაძლებლობების მქონე გუნდად
მიმაჩნია.