სუპერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს. გურჯაანის წაფორხილებით ისარგებლა ქუთაისმა და დღეს, იმერულ დერბიში ორბის დამარცხებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამ მომენტისთვის ქუთაისსა და გურჯაანის დელტას თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ორივე მატჩში იმარჯვეს და პირველზეც ამიტომ არიან.
თსუ-ს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მესამე ადგილზეა, თუმცა ის შეხვედრა რომც მოიგოს, ურთიერთშეხვედრებში ქუთაისს მაინც ვერ ჯობნის. იმერულ კლუბს ორივე მეტოქე – დელტაც და თსუ-ც მიმდინარე სუპერლიგაში ყველა შეხვედრაში (2-2-ჯერ) დამარცხებული ჰყავს.
ქუთაისმა დღეს ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ორბი 101:88 (სტატისტიკა) დაამარცხა. თამაშის მანძილზე მასპინძლებს დიდი უპირატესობა არ ჰქონიათ. მხოლოდ პირველ პერიოდში დაწინაურდა ქუთაისი 10 ქულით, თუმცა ტყიბულელებმა მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება და მეტოქეს კუდში მისდევდნენ. მასპინძლები 5-6 ქულით იგებდნენ, ხანაც სხვაობა უფრო ნაკლებზეც ჩამოდიოდა.
ერთი სიტყვით, ორბი შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელებმა სტაბილურად, ნამდვილ ფავორიტს რომ სჩვევია, ისე ითამაშეს და მეტოქე უშანსოდ დატოვეს. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ქუთაისელებს გიორგი კორსანტიამ ულიდერა, რომელმაც 18 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. 17 ქულა მიითვალა დეტრეკ ბრაუნინგმა, 15 ქულა მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა. ორბში 24-24 ქულით კენი კუპერი და ჯონ ნეიგლი გამოირჩნენ. 20 ქულა მიითვალა მაიკლ ედვარდსმა.
ხვალ, 31 მარტს, თბილისი არენაზე გაუ ბათუმს შეხვდება, რაში კი კავკასიას, ხოლო რუსთავში ადგილობრივი გუნდი გორის ივერიონს უმასპინძლებს.