რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზმა ძალიან საინტერესო მატჩს უმასპინძლა. რეგიონულ დერბიში რუსთავმა ქუთაისს უმასპინძლა და დრამატულ ფინალში 83:85 (სტატისტიკა) დამარცხდა. ქუთაისელებს მიმდინარე სეზონში არ ულხინთ. მოქმედმა ჩემპიონმა სუპერლიგაში უკვე 4 მარცხი განიცადა და გუნდის ხელმძღვანელობამ როტაციას მიმართა. გუნდიდან 2 ამერიკელი ლეგიონერი – სტენლი დევისი და კარტერ სკაგსი გაუშვა. სანაცვლოდ ჩამოყვანილ ჩედ ფრეიზერს რუსთავთან დებიუტი ჰქონდა, მაგრამ ქუთაისელთა გამარჯვება გუნდის ქართველ გამთამაშებელს – ეროვნული ნაკრების კანდიდატ ლუკა მაზიაშვილს უკავშირდება.
ახალგაზრდა გამთამაშებელმა გამორჩეულად შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ქუთაისელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. თანაბრად მიმდინარე მატჩში თავდაპირველად წინ მასპინძლები იყვნენ, თუმცა ანგარიშში სხვაობა დიდი არ იყო. პირველი პერიოდის შემდეგ მასპინძლები 23:19 იგებდნენ, ხოლო მეორე ათწუთეული 4 ქულით სტუმრებმა მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში გათანაბრდა – 41:41. მესამე პერიოდში რუსთაველებმა ისევ 4 ქულით იმარჯვეს და დაიწყო ბოლო პერიოდი, სადაც ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა.
ლუკა ბულაშვილის 3-ქულაინით რუსთაველები დასრულებამდე 70 წამით ადრე 81:80 დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა გიორგი ბარბაქაძის საჯარიმოებით უპასუხეს და ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, თანაბარი ანგარიში რომ დაფიქსირდა. რევაზ როგავამ რუსთაველთა შეტევა გააცუდა, აცილებული ლუკა მაზიაშვილმა მოხსნა, რომელმაც საპასუხო შეტევაში, დასრულებამდე 7 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო და ქუთაისი 85:83 დააწინაურა.
მასპინძლებმა დარჩენილ დროში მოახერხეს სროლა, თუმცა ზურა ვაშაკიძის მომგებიანი სამქულიანი სტუმართა კალათში არ ჩაეშვა. ქუთაისელთა ლიდერ მაზიაშვილის ანგარიშზე 33 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა. გიორგი ბარბაქაძემ 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ჯარვის რეის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. დებიუტანტმა ფრეიზერმა მატჩი 5 ქულით დაასრულა. რუსთავში 21 ქულითა და 14 მოხსნით ეივერი დიგსი გამოირჩა. ლუაკ ბულაშვილის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.