სტატისტიკასუპერლიგის მე-17 ტური დღეს რუსთავში, საინტერესო მატჩით
დაიწყო. ქვემო ქართლში სათამაშოდ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „ქუთაისი“ ჩავიდა და
დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
მართალია, საბოლოოდ მასპინძელთა 12-ქულიანი გამარჯვება
დაფიქსირდა, თუმცა ბოლოსწინა წუთზე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იყო. რუსთაველები
64:63 იგებდნენ, როცა 1 წუთის მანძილზე არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერც ერთმა გუნდმა
ბურთის ჩაგდება ვერ მოახერხა.
საკვანძო მომენტიც აქ მოხდა. რუსთაველმა რეზო ჩაჩანიძემ
სამქულიანი ააცილა, თუმცა ბურთი თავადვე მოხსნა და მეორე მცდელობაზე, საფინალო სირენამდე
1,30 წუთით ადრე სამქულიანი ჩააგდო – 67:64. ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს, შეტევა
დაგეგმეს, თუმცა სამქულიანი სროლა ზურ ფაშაევს გაუცუდდა და სერგო ათუაშვილის მოხსნის
შემდეგ მორის ბრიგსმა „რუსთაველებს“ მორიგი 2 ქულა მიუთვალა – 69:63 და მატჩის ბედიც
გაირკვა.
არადა, ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს თამაში და პირველი
ტაიმის შემდეგ 8 ქულით იგებდნენ. მასპინძლებმა მესამე პერიოდში გარდატეხა მოახდინეს
– ათწუთეული 25:19 მოიგეს, რის შემდეგაც, ბოლო პერიოდი 13:0 გაქცევით დაიწყეს და „ქუთაისი“
11 ქულით ჩამოიტოვეს. სტუმრებმა მაინც მოახერხეს თამაშის შემოტრიალება და ჩამორჩენის
მინიმუმამდე შემცირებით შანსი მოიპოვეს, რომელიც იმერულ კლუბს მასპინძლებმა ბოლო წუთებზე
არ გამოაყენებინეს და „რუსთავმა“ ცხრილში მე-3 ადგილი გაიმყარა.
გამარჯვებულებს 16 ქულით ქეისი კასპერბაუერმა ულიდერა.
15-15 ქულა მიითვალეს რეზო ჩაჩანიძემ და სერგო ათუაშვილმა. ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც
მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია ათუაშვილის წილი გამარჯვებაში: ყველაზე
მაღალმა ქართველმა კალათბურთელმა 4 ცდიდან 3 სამქულიანი ჩააგდო. „ქუთაისში“ 11 ქულით
ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური. 10-10 ქულა მიითვალეს დრაგან ტუბაკმა და აკაკი ლომოურმა.
მატჩისშემდგომი კომენატრები
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):
„პირველ რიგში მივულოცავ რუსთავს გამარჯვებას. აქ თამაში
ყოველთვის განსაკუთრებულია, იმის გამო, რომ გულშემატკივარის აქტიურობა კარგ ატმოსფეროს
ქმნის. მე ვთვლი, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. „რუსთავი“ კარგი გუნდია და
დღეს მოახერხა გამარჯვება. ჩვენ რამდენიმე ტრავმიანი კალათბურთელით ვითამაშეთ. დღეს
დავმარცხდით, მაგრამ ყველაფერი წინაა“.
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
„ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და მიხარია,
რომ გამარჯვების მოპოვება შევძელით, რასაც ჩვენს გუნდს ვულოცავ. მართალია, ბოლო 5 წუთში
ცოტა გაგვიჭირდა და ვერ მოვახერხეთ ბურთის ჩაგდება, მაგრამ საბოლოოდ ბიჭებმა მოახერხეს
კონცენტრირება და გადამწყვეტ მომენტში გამარჯვება მოვიპოვეთ. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ
დღევანდელ მატჩში ფორტუნა გარკვეულწინად ჩვენს მხარეს იყო“.