სტატისტიკა გალერეა
საინტერესო და
დაძაბული გამოდგა სუპერლიგის ბოლო ტურის მორიგი შეხვედრა ,,ქუთაისსა’’ და ,,შსს აკადემიას’’
შორის. სატურნირო ცხრილის ლიდერი აკადემია მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დამარცხდა
,,ქუთაისთან’’. შეხვედრის პირველი მეოთხედი
თანაბარი გამოდგა, თუმცა სტუმრებმა 3-ქულიანი ლიდერობის მოპოვება მაინც მოახერხეს
– 17:20. მეორე მეოთხედში კი მასპინძლები გაცილებით შედეგიანად ათამაშდნენ, მეტოქეს
13:0 გაქცევა მოუწყვეს და დიდი შესვენებისთვის საიმედო 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს
– 43:32.
მეორე ნახევრის
დასაწყისში კვლავ აკადემიელები გააქტიურდნენ და მესამე პერიოდის შუაში სხვაობა 3-ქულამდე
შეამცირეს – 47:44. თუმცა, გიორგი ბარბაქაძის და ზაურ ფაშაევის შედეგიანობით ქუთაისელებმა
ისევ მოახერხეს წინ გასვლა და ბოლო პერიოდს 10-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ –
62:52.
მაყურებელმა დაძაბული
10-წუთეული იხილა, ,,შსს აკადემიამ’’ ბოლო მეოთხედის დასაწყისში კვლავ შეამცირა სხვაობა
და თუმცა ,,ქუთაისი’’ რამდენიმე ქულით ლიდერობდა, ეს უპირატესობა საიმედო არ ყოფილა.
ეს მალევე დამტკიცდა – მატჩის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე როგავას, ჩიკვილაძის
და ლომოურის ზუსტი თამაშის წყალობით სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს –
69:68. ცხადი იყო, რომ ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდებოდა და ასეც მოხდა.
ბოლო წამებში კი,
როცა სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ნაკლები შეცდომა დაუშვეს და მეტი სიზუსტე გამოავლინეს
ქუთაისელებმა და შეხვედრა მათ სასარგებლოდ – 76:74 დასრულდა.
ქუთაისელებს გამარჯვებისკენ
გიორგი ბარბაქაძე გაუძღვა 19 ქულით. ,,შსს აკადემიას’’ ასევე 19 ქულით კაკი ლომოურმა
ულიდერა, 16 ქულა ჰქონდა რევაზ როგავას, 12 ქულა მიითვალა გიორგი ცინცაძემ, გიორგი
შარაბიძემ და ბექა წივწივაძემ კი შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. გიორგი შარაბიძემ
10 მოხსნაც მოაგროვა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
სუპერლიგის პირველი
წრის ბოლო ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელის ასიისტენტი):
იყო გარკვეული შეცდომები, როგორც ჩვენი, ასევე
მოთამაშეების მხრიდან, თუმცა მთავარია ყველაფერი მშვიდობით და ჩვენი დადებითი რეზულტატით
დასრულდა. დაძაბული ფონი იყო და მეორე ტაიმში,
როცა წინ სოლიდური სხვაობით გავედით, დიდი ენერგია წაგვართვა ემოციებმა. ეს ჩვენს ფიზიკურ
კონდიციებზე აისახა, თუმცა ჩვენმა ბიჭების მონდომების, ძალისხმევის, პროფესიონალიზმისა
და კლასის ხარჯზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, წინ გაცილებით საინტერესო
მე-2 წრე გველოდება. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდით გვიდგანან. მივულოცავ ამ წარმატებას
მათ და ზოგადად ყველას, ვისაც ჩვენი მოგება გაუხარდა.
კოტე ტუღუში
(შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ქუთაისში მოსაგებად
ჩამოვედით და ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. მთელი სამი მეოთხედი ვიბრძოლეთ და გადამწყვეტი
მეოთხე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ძალიან ცუდად ჩავატარეთ. დავუშვით შეცდომები და არც
გაგვიმართლა. ასევე მინდა აღვნიშნო ცუდი მსაჯობა. ვფიქრობ, მსაჯებმა გადამწყვეტ და
სადაო მომენტებში არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს.