ქუთაისმა შსს-ს გაუთანაბრა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

გუშინ 21-ქულიანი
დამარცხების შემდეგ „ქუთაისმა“ „შსს-აკადემიას“ ნახევარფინალური სერია გაუთანაბრა. 

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა იმერულმა გუნდმა სერიის მეორე შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა და მიუხედავად 7-ქულიანი ჩამორჩენისა,  უკანასკნელ
წუთებზე გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 73:71.

სერიის პირველი
შეხვედრის მსგავსად უპირატესობა თავიდანვე ქუთაისელებმა მოიპოვეს და სოლიდურადაც დაწინაურდნენ
(23:13), თუმცა „შსს-აკადემიამ“ მეორე პერიოდში თამაშის გათანაბრება მოახერხა და ამის
შემდეგ თანაბარი თამაში გაგრძელდა. ქუთაისელებს მეორე მეოთხედში დაუშავდათ ძირითადი
გამთამაშებელი ზაურ ფაშაევი, რომელმაც მოედანი დატოვა და მოგვიანებით სასწრაფო დახმარების
წარმომადგენლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაშაევმა მეტოქესთან შეტაკებისას წელი
დაიზიანა და სავარაუდოდ, სერიის მომდევნო შეხვედრაში ქუთაისელებს ვერ დაეხმარება.

ქუთაისელები დანაკლისმა
გააერთიანა და საბრძოლოდ განაწყო. უსტიაშვილის გუნდი წინ გაჭრილ აკადემიელებს შორს
არ უშვებდა. კირკ არჩიბეკსა და ბენჯამინ რეიმონდს ფარქვეშ ტოლს არ უდებდა რიჩარდ მათიაშვილი,
რომელსაც ძმები ბარბაქაძეები ეხმარებოდნენ. თუმცა ქუთაისელთა მთავარი კოზირი შორი სროლები
და სწრაფი გარღვევები გახლდათ.

დიდი შესვენებისთვის
შსს-ელები 1 ქულით იგებდნენ, გადამწყვეტი მეოთხედისთვის კი გიორგიოს კეცელიდისის გუნდი
უკვე 55:51 იგებდა. ბოლო მეოთხედში დეონტა
ვონმა აკადემიელთა შეტევებს სისწრაფე შემატა, მას მხარი აუბა შსს-ელთა ახალმა ლეგიონერმა
ვასილის კუნასმაც, რომლის სამქულიანის შემდეგ აკადემიელები 65:60 დაწინაურდნენ. ვონმა
შედეგიანი გარღვევაც განახორციელა და შეხვედრის დასრულებამდე 3,20 წუთით ადრე მასპინძლები
67:60 დაწინაურდნენ.

ქუთაისლები არ
დანებდნენ და ბუბა კვიმსაძის 2 ზუსტი გარღვევის შემდეგ სტუმრებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე
შეამცირეს. მორიგ შეტევაში აკადემიელებმა ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა გამოყოფილ
8 წამში ვერ მოახერხეს, რის საპასუხოდაც გიორგი ბარბაქაძემ ქუთაისელთა ჩამორჩენა 2
ქულამდე შეკვეცა – 66:68. ქუთაისელმა რიჩარდ მათიაშვილმა დაცვაში კარგად ითამაშა, კირკ
არჩიბეკს დააფარა და ბუბა კვიმსაძემ საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე სამქულიანით
ქუთაისელები დააწინაურა – 69:68.

ქუთაისელებმა
დაცვაში შედეგიანი თამაში განაგრძეს და აკადემიელებს ორჯერ არ ჩააგდებინეს, ხოლო კვიმსაძემ
ზუსტი საჯარიმოთი სირენამდე 24 წამით ადრე იმერული კლუბი 70:68 დააწინაურა. „შსს-აკადემიამ“
გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო და დასრულებამდე 7 წამით ადრე სამქულიანი მერაბ ბოქოლიშვილმა
ისროლა, ბურთი მიზანს ასცდა და მოხსნისთვის ბრძოლაში ეს უკანასკნელი ბიორგი ბარბაქიძეზე
დაჯარიმდა. ბარბაქაძემ ორივე სროლა ზუსტად შეასრულა და ქუთაისელებს გამარჯვება გაუნაღდა.

23 ქულით ქუთაისელებს
კვიმსაძემ ულიდერა, რიჩარდ მათიაშვილმა 14 მიითვალა, ხოლო თემურ ბაბუნაშვილმა იმერლებს
12 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. აკადემიელთაგან 17 ქულით საუკეთესო კირკ არჩიბეკი გახლდათ,
დენოტა ვონმა პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა, ხოლო რეიმონდმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

ნახევარფინალურ
სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, მორიგი 2 შეხვედრა კი ქუთაისში – 11 და 12 მაისს გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია 

დავით უსტიაშვილი(ქუთაისი): ძალიან დაძაბული
მატჩი გამოვიდა, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. დიდ მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომლებმაც
ყველაფერი გააკეთეს მოგებისთვის. მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი კარგი თამაშისთვის.
რაც შეეხება ფაშაევის ტრავმას, არ ვიცით, რამდენად სერიოზულია და მოუწევს თუ არა შემდეგი
თამაშის გამოტოვება.

გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია):  კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეებით და ამ წაგებაზე
 პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.  ვულოცავ ,,ქუთაისს ’’ გამარჯვებას. ჩვენ თამაში არა
ბოლოს, არამედ პირველ მეოთხედში წავაგეთ. ტაქტიკური შეცდომები დავუშვით. მადლობა ჩემს
ბიჭებს ბრძოლისთვის. გავაკეთებთ თამაშის ვიდეოანალიზს და შევეცდებით აღმოვფხვრათ ხარვეზები,
რომლებიც გვქონდა. მადლობა ვეტყვი მსაჯებს ასეთი სწორი მუშაობისთვის.

ბუბა კვიმსაძე(ქუთაისი):  ნამდვილად სანახაობრივი და კარგი თამაში გამოვიდა.
მადლობა ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს. მადლობას ვეტყვი
ჩვენს გულშემატკივრებსაც, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვერდში გვედგნენ.  გუშინდელი მარცხის შემდეგ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ
მწვრთნელის დარიგებები  და ამან შედეგი გამოიღო.
 ვაჩვენეთ, რომ არ ვართ ადვილად დასამარცხებელი
გუნდი და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.

ილია ლონდარიძე(შსს აკადემია):  პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. დღეს
შეცდომები დავუშვით დაცვაში, ამას აუცილებლად გამოვასწორებთ, რათა ქუთაისში მოგება
შევძლოთ.

შსს აკადემია – ქუთაისი 71:73