სტატისტიკა
სუპერლიგის მეოთხე ნახევარფინალისტი ცნობილია. მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში „ქუთაისმა“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში – 71:67 დაამარცხა „სოხუმი“ და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა. სოხუმელებმა, რომლებმაც ჩემპიონატის მსვლელობისას ყველა ლეგიონერი დაკარგეს და თვეების განმავლობაში უხელფასოდ თამაშობენ, ქუთაისელებს უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიეს და საბოლოო წარმატებამდე მცირედი დააკლდათ.
სერიის გადამწყვეტი მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო – 65:65. მატჩის დასრულებამდე 37 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან ორივე ზუსტი სროლით ანგარიში სოხუმელმა ბექა ბექაურმა გაათანაბრა. საპასუხოდ ქუთაისელთა აზერბაიჯანელმა გამთამაშებელმა, რომელიც საბოლოოდ მატჩის ბომბარდირი გახდა, ზუსტი გარღვევით მასპინძლები დააწინაურა – 67:65.
სოხუმელებმა გადამწყვეტ ეპიზოდში ორჯერ დაკარგეს ბურთი, რომელთა შორისაც ფაშაევმა ორქულიანი ააცილა. მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე აკაკი დვალიშვილმა ზუსტი სროლით „ქუთაისი“ 4 ქულით დააწინაურა და მატჩის ბედიც გაირკვა.
რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხან – მეორე. ვერც ერთი მათგანი ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. აღსანიშნავია, რომ უმეტეს წილად წინ ქუთაისელები იყვნენ, თუმცა მატჩის ბოლო წუთს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ.
გამარჯვებულებს 23 ქულით ფაშაევმა ულიდერა, აკაკი დვალიშვილმა ქუთაისელებს 13 ქულა და 11 მოხსნა მიაშველა. გოგა ცეკვავას ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა, რევაზ დიდიამ პირად ანგარიშზე 11 ქულა ჩაიწერა.
„სოხუმში“ 20 ქულით ბომბარდირი ვახტანგ ქადარია გახდა, 19 ქულა ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზეა, ბექა ბექაურმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 11 მოხსნა.
ნახევარფინალში გასული 4 გუნდი შემდეგნაირად დაწყვილდა: „დინამო“ – „ბათუმი“, „არმია“ – „ქუთაისი“. ნახევარფინალური სერიები 9 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება.
9 მაისი, სპორტის სასახლე
„არმია“ – „ქუთაისი“ 14:00
„დინამო“ – „ბათუმი“ 16:00
მეოთხედფინალიდან ვერგასული გუნდები V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებენ. პლეი აუტის მატჩბიც 9 მაისს, სპორტის სასახლეში გაიმართება:
„შსს-აკადემია“ – „ოლიმპი“ 11:45
„სოხუმი“ – „რუსთავი“ 18:00
მატჩისშემდგომი კომენტარები
მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): დღევანდელ დღეს მივულოცავ სრულიად საქართველოს, ალბათ ამ დღის მადლით მოვიგეთ. ბოლო წუთზე გადაწყდა თამაშის ბედი და როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დაძაბული გამოდგა შეხვედრა. მატჩის დასაწყისში თამაში არ წაგვივიდა და ისე გამოვიდა, რომ მთელი შეხვედრა მდევრის როლში აღმოვჩნდით. საბედნიეროდ, სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც სწორი ტაქტიკის წყალობით და ბიჭების უდიდესი მონდომებით მოხდა. „სოხუმი“ ბრწყინვალე გუნდია და ვისურვებ მალე მოეგვარებინოს ფინანსური პრობლემები. იმედია, მომავალს წელს ეს ასეც იქნება და დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს.
ვაჟა კვარაცხელია(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): დიდი საკალათბურთო დღე იყო. სასიამოვნო იყო, რომ ქუთაისელი გულშემატკივარი დღეს ისევ გვიკრავდა ტაშს. ამაყი ვარ ჩემი გუნდით და ბიჭებით.