ქუთაისმა სოხუმს ოვერტაიმში სძლია და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

ქუთაისმა სოხუმს ოვერტაიმში სძლია და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

სტატისტიკა 

სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ, გადამწყვეტ მატჩში
დიდი ბრძოლა გაიმართა „ქუთაისსა“ და „სოხუმს“ შორის. ეს გუნდები მეოთხედფინალური სერიიდან
გავარდნენ და ბრძოლას სუპერლიგის 5-8 ადგილებისთვის აგრძელებდნენ.

მოგეხსენებათ, სუპერლიგის ბოლო 2 გუნდილიგაში ადგილის
შესანარჩუნებლად „ა“ ლიგის 2 საუკეთესო გუნდთან სერიებს გამართავენ. შესაბამისად –
5 და 6 ადგილებზე გასულ გუნდებს გადასასვლელ სერიებში მონაწილეობა არ მოუწევთ და სუპერლიგაში
ადგილს პირდაპირ შეინარჩუნებენ.

სწორედ 5-6 ადგილებისთვის მატჩში ასპარეზობის უფლების
მოსაპოვებლად იბრძოდნენ „სოხუმი“ და „ქუთაისი“. სრია 2 გამარჯვებამდე იყო და გუნდებმა
აქამდე თითო მოგება გაცვალეს. მე-3, გადამწყვეტ მატჩში დიდი პაექრობა გაიმართა. შეხვედრის
გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

ექსტრახუთწუთეულში მასპინძლებმა მოახერხეს გამარჯვების
მოპოვება და სერიაში გაიმარჯვეს. ქუთაისელებს  ზაურ ფაშაევმა ულიდერა, რომელმაც
29 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. 26 ქულა დააგროვა სლოვენიელმა მირზა სარალიამ,
რომელმაც წინა 2 შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. 13 ქულა და 16 მოხსნა
ჰქონდა ანატოლი ბოისას. სოხუმელთაგან 21 ქულითა და 10 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა,
რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. 20 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა პეილეი პელემ, ხოლო
ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.

„ქუთაისი“ მე-5 ადგილისთვის მატჩში „მგზავრები-არმიას“
შეხვდება, რომელმაც „ოლიმპს“ სერია 2:0 მოუგო. მე-7 ადგილისთვის მატჩში კი „ოლიმპი“
და „სოხუმი“ ითამაშებენ.