გუშინ, ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-13 ტური დღეს, დედაქალაქში გაგრძელდა, სადაც თბილისი არენაზე 3 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გაუ და რუსთავი დაუპირისპირდნენ. გაუ ლიდერებშია, რუსთავი კი ცხრილის ქვედა ნაწილში. შესაბამისად, ფავორიტად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი ითვლებოდა და გაუ-მ ეს სტატუსი გაამართლა. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ქვემოქართლელებს 98:87 (სტატისტიკა) სძლია.
სუპერლიგის დამაჯერებლად დაწყების შემდეგ ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთავს საქმე მრუდედ წაუვიდა. ქვემოქართლელებმა ბოლო 4 მატჩი წააგეს და ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსთავი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და თუკი რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში არ იყოჩაღებს, სუპერლიგის დატოვების კანდიდატი იქნება. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატში თითოეული გუნდი 20 მატჩს ჩაატარებს და ბოლო, მე-11 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს. მე-10 ადგილზე გასულს კი “ა” ლიგის წარმომადგენელთან მოუწევს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა.
რაც შეეხება გაუ-სთან მატჩს, რუსთაველებს წარმატების შანსი არ ჰქონიათ. პირველი პერიოდის შემდეგ გაუ 31:23 იგებდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის სხვაობა 21 ქულამდე გაიზარდა. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. როგავას გუნდმა ლიდერობის შენარჩუნებას მიჰყო ხელი და გამარჯვებამდე იოლად მივიდა. თბილისურ გუნდს ენდრიუ ლუისმა ულიდერა – 227 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი.20 ქულა ჰქონდა აიზია სმოლს. რუსთავში 21 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი.
მომდევნო მატჩში დიდ ბრძოლას ველოდით, რადგან ერთმანეთს სეზონის გამორჩეული და ამბიციური გუნდები – თსუ და ქუთაისი ხვდებოდნენ. თსუ მოქმედი ჩემპიონია, ამ სეზონში ფიბა ევროპის თასზე იასპარეზა და თავი არ შეურცხვენია. ქუთაისი კი ის გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში თსუ-ს ყველა შეხვედრა მოუგო. ქუთაისმა თსუ 3 სხვადასხვა ტურნირში – სუპერლიგის პირველ წრეში, დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალსა და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ნახევარფინალში დაამარცხა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა წარმატებული სერია გააგრძელა და ლექსო ლაფანაშვილის თსუ-ს სეზონის მე-4 შეხვედრაც მოუგო.
მატჩი საბოლოოდ 6-ქულიანი სხვაობით – 98:92 (სტატისტიკა) დასრულდა, თუმცა შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდის შუაში უკვე გადაწყვეტილი იყო, როცა ქუთაისი 16 ქულას იგებდა და თსუ-ს თამაშის გადარჩენის რესურსი არ ჰქონდა. რესურსის ნაკლებობა სტუდენტურ გუნდს თავიდანვე ჰქონდა, როცა შეხვედრა ძირითადი გამთამაშებლისა და კაპიტნის – გიორგი ცინცაძის გარეშე დაიწყო. ცინცაძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა, მაგრამ თსუ-ში თამაშს აგრძელებს, თუმცა მწყობრში არყოფნის გამო ის თანაგუნდელ ნიკა ჩეჩელაშვილთან ერთად თსუ-ს ქუთაისთან ვერ დაეხმარა.
პირველი პერიოდი ქუთაისმა 35:20 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. იმერულმა კლუბმა პირველ ნახევარში 62 ქულა ჩააგდო, რაც უნივერსიტეტელთა დაცვის სისუსტეზე მიანიშნებს. თსუ-მ ვერც მეორე ნახევარში გამოასწორა დაცვა, რაც გახდა კიდეც წაგების ძირითადი მიზეზი. ქუთაისელთა შორის 26 ქულით მარქუს გილსონი გამოირჩა. ეროვნული ნაკრების ახალმა წევრმა, 19 წლის გიორგი ოჩხიკიძემ კი 11 ქულასთან ერთად გამორჩეულად ბევრი – 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა ქუთაისელთა კიდევ ერთ ახალგაზრდას – გიორგი სულაბერიძეს. თსუ-ში ტრადიციულად კახა ჯინჭარაძემ იჩუბინა – 32 ქულა მიითვალა. 22 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ალექსანდრე ფევაძეს.
თსუ წაგებებით უკვე ჩამორჩა გურჯაანის დელტას, რომელიც მიმდინარე ტურს ხვალ, ტყიბულის ორბთან საშინაო მატჩით დახურავს და გამარჯვების შემთხვევაში სუპერლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდება.
დღევანდელი დღის ბოლო მატჩში აუტსაიდერები შეხვდნენ, რომელთა შერკინებასაც თითოეულისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ზესტაფონის მარგვეთი და დებიუტანტი “რაში” ცხრილის ბოლოში არიან და ცხადია, მათი უმთავრესი მიზანი სუპერლიგაში დარჩენაა. ამ მატჩის გამარჯვებული კი 2 ქულას ხომ იღებდა და უშუალო კონკურენტს მდგომარეობას მორიგი მარცხით უმძიმებდა. ამიტომაც, ორივე გუნდმა თამაშში მაქსიმუმი ჩადო და საბოლოოდ გამარჯვებული “რაში” გამოვიდა. ირაკლი ძიძიგურის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა – მარგვეთის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი შეცვალა და პირველივე მატჩში კონკურენტის დამარცხების შანსი მიეცა, მაგრამ…
რაშმა საბოლოოდ 101:94 (სტატისტიკა) გაიმარჯვა მიმდინარე სუპერლიგაში მე-5 გამარჯვება მოიპოვა, რითაც ბათუმს გადაუსწრო და მე-7 ადგილზე აღზევდა. გამარჯვებაში ლეჟავას გუნდს დიდი დახმარება გაუწია უკრაინელმა იგორ ჩუმაკოვმა, რომელმაც 6 ცდიდან 5 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 19 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. 208 სანტიმეტრი სიმაღლის უკრაინელმა სადებიუტო, წინა მატჩში, რუსთავთან მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო, დღეს კი გაცემული ავანსები გაამართლა და ზესტაფონელები პერიმეტრიდან დაბომბა. მარგვეთში 21 ქულით საუკეთესო იყო მალიქ ჯეიკობსი. მარტი ჯექსონის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.