სუპერლიგის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა “ქუთაისმა” ნახევარფინალში გააღწია. მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა “ტიტები” 93:87 დაამარცხეს და საერთო ანგარიშით – 3:1 იმარჯვეს. ამით, ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი “ტიტებისთვის” სუპერლიგის სეზონი დასრულდა, რომელიც დებიუტანტობის კვალობაზე ძალიან წარმატებული იყო. “ტიტებმა” საქართველოს თასი მოიგო, სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და პლეი ოფშიც ღირსეულად იასპარეზა.
“ქუთაისი” კი ტრადიციულად აგრძელებს პირველობისთვის ბრძლას. ბოლო წლების უცვლელი ფინალისტი ამ მომენტისთვის ფორმაში არაა, რაც ტრავმირებული მოთმაშეებითაა განპირობებული. ამ მიზეზით ქუთაისელებს 3 წამყვანი მოთამაშე – ლევან ფაცაცია, დეჟუან რაიტი და ტერენს ტომპსონი აკლიათ. ასეთ ვითარებაში რეალური ფავორიტი “ქუთაისი” ამ სტატუსით ვერ სარგებლობდა, თუმცა დღევანდელი მატჩის მეორე პერიოდში 2 არასპორტული ჯარიმის გამო მოედნიდან “ტიტების” ვეტერანი ბესო ლეჟავა გააძევეს, რის შემდეგაც “ტიტების” ხელჩასაჭიდი ლიდერობა უკვალოდ გაქრა და ინიციატივას სტუმრები – ქუთაისელი კალათბურთელები დაეუფლნენ.
პირველი პერიოდი “ტიტებმა” 24:17 მოიგეს, თუმცა მეორეში დიდებულად გაისარჯა იმერული კლუბის რუსთაველი ცენტრი აკაკი დვალიშვილი, რომელიც ფარქვეშიდანაც ხეირობდა, სამქულიანიც ჩააგდო და სამწამიანში შეჭრილმა პერიმეტრზე გამოთავისუფლებულ თანაგუნდელებს არაერთხელ უპასა. დვალიშვილმა პირველი ნახევარი 19 ქულით დაასრულა, “ქუთაისი” კი დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 48:37.
თამაში სტუმართა აქტიურობა-შედეგიანობით განახლდა და მესამე პერიოდის ახალდაწყებულზე ქუთსაისელთა ლიდერობამ 14 ქულას მიაღწია. “ტიტებმა” წუთშესვენება აიღეს და თამაშის გამოსწორებისთვის მათმა შერჩეულმა ტაქტიკამ გაამართლა. მასპინძლებმა მაქსიმალურად გაამარგეს დაცვა როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე. იმერული კლუბის მექარე აკაკი დვალიშვილი შეიზღუდა, სამაგიეროდ გაილაღა მისმა ოპონენტმა ილია ლონდარიძემ, რომელმაც საწამიანიდან არაერთი ზუსტი ტყორცნა და ლიფსო-სროლა განახირციელა. ამავდროულად, სწრაფი გარღვევებით “ტიტების” თამასას კაშიმ რენსომი ავსებდა, თემურ ბაბუნაშვილმა კი შორიდანაც ჩააგდო, ფარქვეშიდანაც და “ტიტებმა” 14-ქულიანი ჩამორჩენენა პერიოდის ბოლომდე 4-ქულიან ლიდერობად აქციეს – 70:66.
თამაში მასპინძლების კარნახით გაგრძელდა და შეხვედრის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე “ტიტებმა” 9-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს – 80:71. ამჯერად კოტე ტუღუშმა აიღო წუთშესვენება და ქუთაისელები ვითრების გამოსწორებას შეუდგნენ. აკაკი დვალიშვილმა სამქულიანი ისევ ჩააგდო, რასაც გიორგი ბარბაქაძისა და დავით ლომიძის საჯარიმოები მოჰყვა და ანგარიში ჯონათან ლის ორიანის შემდეგ გათანაბრდა – 80:80. თამაში მცირე ხნით ქულა-ქულაში გაგრძელდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელებმა იძალეს. აკაკი დვალიშვილმა და ჯონათან ლიმ შეტევაში იხეირეს, “ტიტების” მოთამაშეებს კი ფარქვეშ შესვლა რომ არ გამოუვიდათ, შორი სროლები მოიშველიეს, მაგრამ არ გაუმართლათ და “ქუთაისმა” 19:4 გაქცევა მოაწყო – 90:84, რაც იმერული გუნდის გამარჯვებას ნიშნავდა.
ნახევარფინალში გასულთაგან 31 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომლის სარგებლიანობის ინდექსმა 42-ს უწია. 23 ქულით გამოირჩა დავით ლომიძე. 15 ქულა გიორგი ბარბაქაძის, 14 კი ჯონათან ლის ანგარიშზეა. “ტიტებში” 29 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 21 ქულა კაშიმ რენსომმა, ხოლო 15 ჟოელ ალმეიდან მოაგროვა.
ნახევარფინალურ სერიაში “ქუთაისი” “დინამოს” შეხვდება. სერიის მატჩები 13 მაისიდან დაიწყება.
ტიტები – ქუთაისი
სტატისტიკა: 87:93