სუპერლიგის პლეი ოფის პირველი წრე ასეთი დაძაბული არასდროს ყოფილა. რომ არაფერი ვთქვათ მეოთხედფინალურ სერიებში არც ერთი მშრალი ანგარიშის დაფიქსირებაზე, სამ მათგანში მე-5, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. თსუ-კავკასიისა და გაუ-ორბის შემდეგ მე-5, გადამწყვეტი მატჩი ქუთაისისა და რაშის სერიაშიც დაინიშნა. ეს მოხდა რაშის დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, რომელიც ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა დიდებულად ჩატარებული მეორე ნახევრის შემდეგ მოიპოვა – 78:70 (სტატისტიკა).
თავად განსაჯეთ, რაშს მეორე პერიოდში ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო სანაძე გამოაკლდა, რომელმაც ერთ ეპიზოდში 2 ტექნიკური მიიღო და ავტომატური დისკვალიფიკაცია დაუფიქსირდა. ამ თითქოს საბედისწერო ეპიზოდამდე რაში მცირედით, მაგრამ ლიდერობდა, თუმცა დიდ შესვენებამდე დარჩენილ დროში ჩამორჩა და მესამე პერიოდს 5-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა.
ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ სუპერლიგის დებიუტანტი, პლეი ოფში მე-8 ადგილიდან გასული გუნდი რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ქუთაისს თამაშს შემოუტრიალებდა. მესამე და მეოთხე პერიოდები რაშის კალათბურთელებმა ერთი ამოსუნთქვით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მათ დარჩათ.
სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ვახტანგ გაფრინდაშვილმა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. 20 ქულა დააგროვა ენტონი ელსტონმა, გიორგი ვახანიას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. ქუთაისში 18 ქულა ჰქონდა გიორგი სულაბერიძეს, 17 – გიორგი ოჩხიკიძეს, აკაკი დვალიშვილმა კი შეხვედრა 10 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.
სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში, 30 აპრილს გაიმართება.