დასრულდა სუპერლიგის ბოლოსწინა, 21-ე ტური, რომლის ბოლო თამაში დღეს ტყიბულში ჩატარდა. ადგილობრივმა ორბმა თბილისის რაშს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 90:83 (სტატისტიკა) დაამარცხა. თამაში თავიდან ბლომდე თანაბარი იყო. გუნდებს შორის სხვაობა ბოლო პერიოდამდე 3-4 ქულას არ სცდებოდა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხან – მეორე.
ბოლო ათწუთეულში მასპინძლებმა მოახერხეს ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს. გამარჯვებაში ლომის წილი ორბის აღიარებულ ლიდერებს – კენი კუპერსა და მაიკლ ედვარდსს მიუძღვით. პირველმა 31 ქულა, 10 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო ედვარდსმა 28 ქულას 12 მოხსნა მოაყოლა. 11 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა მიხეილ ჭოჭუამ.
რაშის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ევან მილიგენი, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი სანდრო სანაძის ანგარიშზეა. ვახტანგ გაფრინდაშვილმა თავის გუნდს 16 ქულა შესძინა.
ორბმა ამ გამარჯვებით შეინარჩუნა მე-4 ადგილზე გასვლის შანსი, რასაც იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ ბოლო ტურში თავად რუსთავში მოიგებს, ხოლო მისი კონკურენტი გაუ კი კავკასიასთან დამარცხდება. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური 13 და 14 აპრილს – ზესტაფონში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება, რის შემდეგაც პლეი ოფის ზუსტი წყვილებიც გვეცოდინება და მე-10 ადგილზე გასული გუნდის ვინაობაც, ვისაც სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალისტთან მოუწევს საკვალიფიკაციო რაუნდში ბრძოლა.