ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტების
დირექტორმა რიჩარდ სტოკსმა დღეს სასტუმრო „რედისონში“ მორიგი სემინარი გამართა.
თუკი
გუშინ ღონისძიებას მსაჯები, მდივნები და კომისრები დაესწრნენ, დღეს რიჩარდ სტოკსის
სემინარს მწვრთნელებიც ესტუმრნენ.
„რედისონში“ თავი მოიყარა საკალათბურთო სამყაროს
70-ამდე ადამიანმა, საიდანაც 5 წარმომადგენელი
აზერბაიჯანიდან იყო, რომლებიც თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. დღევანდელი სემინარის
თემა ტექნიკური და არასპორტული ჯარიმები, მსაჯთა კომუნიკაცია და თამაშის მართვა იყო.
დამსწრეებმა ინტერესით უსმინეს სამსაათიან სემინარს, რომლის ბოლოსაც კითხვა-პასუხის
დროც დადგა. ქართველი მსაჯ-კომისრები და მსაჯები კმაყოფილნი დარჩნენ სტოკსის სემინარით.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:
დავით ბერეკაშვილი, ფიბა-ს არბიტრი:
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მატჩების მსაჯობა
მიწევს, აღნიშნული სემინარებიდან ბევრი რამ ვისწავლე. რიჩარდ სტოკსმა ძალიან საინტერესოდ
ახსნა მსაჯობის ბევრი დეტალი. აღნიშნული სემინარები განსაკუთრებულად ღირებულია დამწყები
მსაჯებისთვის, რომლებიც თავისი პროფესიული კარიერის პირველივე ეტაპიდან ისწავლიან მართებულ
მსაჯობას“.
მიხეილ ვართანოვი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი:
„ასეთი დონის სემინარებზე დასწრების საშუალება აქამდე
მხოლოდ უცხოეთში შეიძლებოდა. ძალიან კარგია, რომ რიჩარდ სტოკსი საქართველოში ჩამოვიდა
და პირადად მე საშუალება მომეცა, მის ძალიან
სასარგებლო სემინარებს დავსწრებოდი. მოხარული ვარ, რომ კალათბურთის ფედერაციამ ამის
საშუალება მოგვცა და კარგი იქნება, თუკი ეს ტრადიცია გაგრძელდება“.
ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„ძალიან საინტერესო სემინარია. მწვრთნელებს სჭირდებათ
იცოდნენ, თუ რა ინოვაციები, რა სიახლეებია კალათბურთში. ასეთი დონის სემინარებზე დასასწრებად
სიარული უცხო ქვეყნებში გვიწევს და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ფედერაციის ინიციატივა,
აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება რომ გაუკეთა“.
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:
„კალათბურთში ხშირადაა ცვლილებები, განსაკუთრებით, ბოლო
დროს და ეს ადამიანი ჩამოსულია, რათა ზუსტი ინტერპრეტაცია მოგვცეს, თუ რა არის გარბენი,
ტექნიკური თუ არასპორტული ჯარიმა და ასე შემდეგ. მსაჯებთან ერთად აუცილებელია, რომ
ეს მწვრთნელებმაც იცოდნენ. ანალოგიური სემინარები ყოველწლიურად თუ გაიმართება, ძალიან
კარგი იქნება“.
რიჩარდ სტოკსის ვიზიტი ხვალ დასრულდება. ევროპის მსაჯთა
ხელმძღვანელი სპორტის სასახლეში სუპერლიგის მორიგ ტურს დაესწრება და ქართველი მსაჯების
საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს. სტოკსი ქართველი არბიტრების საქმიანობას შეაფასებს
და საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და მსაჯთა კავშირს შესაბამის რეკომენდაციებს
მისცემს.