რიყეზე გამართული 3X3 Tbilisi Cup 2014 გუნდმა Dive-მ მოიგო

რიყეზე გამართული 3X3 Tbilisi Cup 2014 გუნდმა Dive-მ მოიგო

 მორიგ 3X3 საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლა თბილისმა. 26 ოქტომბერს, თბილისობასთან დაკავშირებით რიყეზე კალათბურთელები შეიკრიბნენ, რომლებმაც მონაწილეობა 3X3 Tbilisi Cup 2014-ში მიიღეს.

ტურნირი თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. იმ კალათბურთელებს, რომლებმაც გასულ ზაფხულს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, თავის გამოჩენის შესაძლებლობა კვლავ მიეცათ.

ტურნირი ფიბა-ს კალენდარში იყო შეყვანილი და მასში მონაწილეობისა და წარმატებების გამო კალათბურთელებმა პირადი რეიტინგი გაიუმჯობესეს. 3X3 Tbilisi Cup 2014 ფიბა-ს ლიცენზირებულ გასაშლელ მოედანზე გაიმართა, რომელიც სპორტის სამინისტროს დახმარებით კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ შეიძინა.
 ტურნირში მონაწილეობა 11-მა გუნდმა მიიღო, რომლებიც 3 ჯგუფში იყო განაწილებული. პლეი ოფი მეოთხედფინალიდან დაიწყო, რომელშიც ჯგუფებში დაწინაურებული გუნდები გავიდნენ. უაღრესად საინტერესო ნახევარფინალების შემდეგ ფინალში გუნდები DIVE და And1 გავიდნენ. ეს უკანასკნელი ქართულ 3X3 საკალათბურთო სამყაროში ცნობილია იმით, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის არაერთი შესარჩევი ტურნირი მოიგო და მის ღირსებას მაღალი რეიტინგის მქონე კალათბურთელები იცავენ.
დაძაბული და საინტერესო ფინალური მატჩი DIVE-მა მოიგო. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა DIVE-მა მეტოქე 12:10 დაამარცხა. ჩემპიონი გუნდის ღირსებას მიხეილ ამაშუკელი, გიორგი უბირია, ნიკა ბურჯანაძე და დავით მუშკუდიანი იცავდნენ. ეს უკანასკნელი ყოფილი კალათბურთელია, რომელიც ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავდა, ხოლო მიხეილ ამაშუკელი სისტემატიურად თამაშობს 3X3 კალათბურთს და საქართველოს რეიტინგში ამ ტურნირის მოგების შემდეგ მე-20 პოზიციაზე აინაცვლა.