სუპერლიგის მე-4 ტურის ბოლოსწინა მატჩში “დინამო” “კაკტუსს” დაუპირისპირდა. “რუსთავთან” ერთად “კაკტუსი” იმ ორ გუნდს შორის იყო, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატში გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა ნავსის გატეხა მოახერხა. “კაკტუსმა” “დინამოს” წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 99:79 (სტატისტიკა).
რევაზ როგავამ განსაკუთრებულად შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ეროვნული ნაკრების კანდიდატი, რომელმაც წინა სეზონი რუმინეთის უმაღლეს ლიგაში გაატარა, ამ სეზონის წინ სამშობლოში დაბრუნდა და კაკტუსს შეუერთდა. დღევანდელ მატჩში მის ანგარიშზე 27 ქულა, 11 პასი, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაგროვდა. მისი და ამერიკელი ლეგიონერის, ჯორდან ფორბსის შედეგიანობით კაკტუსელებს მთელი თამაშის განმავლობაში არ გასჭირვებიათ. პირველი პერიოდის შემდეგ ჟღენტის გუნდი 20:12 იგებდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში დინამოელები გააქტიურდნენ, თუმცა მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ბოლო პერიოდში ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება იყო. შეხვედრა ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა. კაკტუსელები სტაბილურად იცავდნენ თავს და კიდევ უფრო შედეგიანად ირჯბოდნენ შეტევაში. საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა და ორივე გუნდს ცხრილში 3 წაგების წილ 1 გამარჯვება მოუგროვდათ.
როგავას კვალზე კაკტუსში 22 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ჯორდან ფორბსს. 11-11 ქულა ქუენტერიან მაკონიკომ და ანდრე ფოქსმა მიითვალეს. დინამოში ზეშედეგიანი თამაში ჰქონდა ბენჟამინ ქოლეჯს, რომელმაც 37 ქულა მოაგროვა. 13 ქულა ანზორ ნადირაძის, ხოლო 10-10 ქულა- მოხსნა რაჰსან უილიამსის ანგარიშზე დაგროვდა.