რთული პირველი პერიოდის შემდეგ თსუ-მ კაკტუსი იოლად დაამარცხა

რთული პირველი პერიოდის შემდეგ თსუ-მ კაკტუსი იოლად დაამარცხა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი პლეი ოფს დანაკლისით შეხვდა, თუმცა ტრავმირებული ბექა ბექაურის არყოფნის მიუხედავად, პირველივე მატჩში იოლად იმარჯვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ გამარჯვება მესამე პერიოდში გაინაღდა, რომელიც 40:18 მოიგო და კაკტუსს ყოველგვარი იმედი გადაუწურა. 

არადა, თამაში ისე დაიწყო, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ კაკტუსელებს გამარჯვების ფრიადი იმედი ჰქონდათ. შეხვედრის დაწყებიდან 6 წუთის თავზე კაკტუსი 15 ქულით – 22:7 იგებდა. მოულოდნელობის ეფექტით ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა საწყის წუთებში მაქსიმუმი გამოწურა. რაიან ალენის, ჯეისონ კოპმანის, ვახტანგ გაფრინდაშვილისა და მერაბ ბოქოლიშვილის ქულებით კაკტუსმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა.

პირველი პერიოდის დარჩენილ 4 წუთში თსუ-მ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა და მეორიდან თამაშზე კონტროლის დამყარებას შეუდგა. ამაში თავი ჯიმონ ჰენსმა გამოიდო, რომელმაც ერთ ეპიზოდში დიდი შედეგიანობა გამოავლინა და თსუ-მ დიდ შესვენებამდე ლიდერობა რომ მოიპოვა, მისი და გიორგი ცინცაძის დიდი დამსახურებაა.

მეორე პერიოდი თსუ-ს 5-ქულიანი ლიდერობით დაიწყო 27-იანით დასრულდა. 40 ქულა ერთ პერიოდში – ეს პლეი ოფის იშვიათი შედეგია, რის შემდეგაც თსუ-მ კაკტუსი საბოლოოდ წელში გატეხა და ბოლო ათწუთეულს აზრი დაუკარგა. დიდებულად ითამაშა ნოდარ გოგოძემ, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო, თავი 23 ქულას მოუყარა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. საბოლოოდ თსუ-მა 28 ქულის სხვაობით – 106:78 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.

23 ქულით ბომბარდირი გოგოძე გახდა, 21 ქულა ჯიმონ ჰენსონმა მიითვალა, ხოლო გიორგი ცინცაძემ შეხვედრა 14 ქულით, 7 პასით და 4 მოხსნით დაასრულა. კაკტუსში 19 ქულა სერგი ნინუამ მოაგროვა, 18 – რაიან ალენმა, ხოლო ბექა ლომაშვილის ანგარიშზე 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

მეოთხედფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება. სერიის მეორე მატჩი ხვალ, 23 აპრილს, 17:30 საათზე გაიმართება.