საკალათბურთო კლუბმა “რუსთავი 1991”-მა სუპერლიგა დატოვა. ქვემოქართლური კლუბი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და დიდი ტრადიციების გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში. რუსთაველებმა აქამდე გამართულ ყველა ეროვნულ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა და რამდენჯერმე სახელწოდებაც გამოიცვალეს. “ენერჯი ინვესტის” სახელით ქვემოქართლური კლუბი 2007-2010 წლებში ზედიზედ 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ხოლო 90-იანი წლების მეორე ნახევარში “აზოტის” სახელით ფინალში მიჯრით სამჯერ გავიდა, თუმცა “ვითას” დამარცხება ვერ მოახერხა.
დღეს “რუსთავი 1991”-ად წოდებულმა ქვემოქართლურმა გუნდმა “კაკტუსთან” 87:80 წააგო და სუპერლიგას გამოეთხოვა. დარჩენილ 1 ტურში ვერაფერი შეიცვლება და რუსთაველები რეგულარულ ჩემპიონატს ბოლო ადგილზე დაასრულებენ, რაც დებულების თანახმად “ა” ლიგაში დაქვეითებას ნიშნავს. გუნდს ვერ უშველა პირველი წრის შემდეგ მწვრთნელის ცვლილებამ – გეორგიოს კეცელიდისის ხელმძღვანელობით რუსთაველებმა მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს და სუპერლიგაში ადგილი დაკარგეს.
“კაკტუსმა” რუსთაველთა დამარცხებით იმედი შეინარჩუნა, რომ ბოლოსწინა – მე-9 ადგილს ასცდება და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალისტთან ბრძოლა არ მოუწევს. ძალიან მნიშვნელოვანია კაკტუსელთა კონკურენტის – “ტიტების” დღეს დაგეგმილი მატჩი “თსუ-ჰიუნდაისთან”. თუკი ლაშა გამყრელიძის გუნდს ფეხი დაუცდა, ბოლო ტურში “კაკტუსმა” 17 ქულით უნდა მოუგოს “ტიტებს”, საბოლოო ცხრილში რომ გადაასწროს და მე-8 ადგილზე გავიდეს.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 4 მატჩია დაგეგმილი. შემდეგი შეხვედრა “მგზავრებსა” და “ოლიმპს” შორის გაიმართება.