გუნდი, რომელსაც 1991 წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა გათამაშებაში მიუღია მონაწილეობა, უმაღლეს ლიგას ტოვებს. ლაპარაკია რუსთავის გუნდზე, რომელსაც ბოლო 33 წლის მანძილზე, არაერთხელ შეუცვლია სახელი, თუმცა კლუბი და ორგანიზაცია ერთი იყო – აზოტი, ენერჯი ინვესტი, რუსთავი, რუსთავი 1991… მეტალურგიული ქარხნის, შემდეგში კი რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ საკალათბურთო გუნდს არაერთი სპონსორი ჰყოლია და სახელებსაც მის შესაბამისად იცვლიდა, თუმცა ყველგან და ყოველთვის, ქვემოქართლური კლუბი ქალაქ რუსთავს წარმოადგენდა და გასული 33 წლის მანძილზე არაერთი ჩემპიონობა, ქვეყნის თასი თუ მემორიალური ტურნირი მოუგია. რუსთავი გახლავთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი, სახელიანი და ამბიციური გუნდი, რომელსაც არც გამორჩეული მოთამაშეები აკლდა, არც ტიტულები და არც ერთგული გულშემატკივარი. სამწუხაროა, რომ ამ გუნდმა უმაღლესში დარჩენის შანსი დაკარგა და ბოლო ტურში რაც გინდა მოხდეს, ბოლო ადგილს და შესაბამისად, “ა” ლიგაში დაქვეითებას ვერ ასცდება.
ეს ამბავი დღეს, თბილისი არენაზე გამართული მატჩის შემდეგ გაირკვა, რომელშიც რუსთაველებმა კავკასიასთან წააგეს. თავის მხრივ, კავკასიაც გავარდნის კანდიდატი იყო და რომ წაეგო, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. კავკასიელები იგებდნენ 14 ქულას და რუსთაველთა მდგომარეობაც თითქოს უიმედო იყო, მაგრამ ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ძალები მოიკრიბა და ჩამორჩენა ხომ გააბათილა, ბოლო პერიოდში წინაც გავიდა. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო წუთებზე რუსთაველებს არ გაუმართლათ. ჩასაგდები ვერ ჩააგდეს, კავკასიელებმა კი ეს შეძლეს და გამარჯვება მოიპოვეს – 89:83 (სტატისტიკა).
რუსთავი ბოლო ტურში ტყიბულის ორბს უმასპინძლებს, მაგრამ ეს ქვემოქართლელთათვის ვერაფერს შეცვლის. კავკასიამ ამ გამარჯვებით სუპერლიგაში დასარჩენ საკვალიფიკაციოში თამაში ფაქტობრივად აირიდა და პლეი ოფისკენ ნაბიჯი გადადგა. ყველაფერი დარჩენილ მატჩებში გაირკვევა.