რუსთავის გამარჯვება ბოლო წამებზე და ათუაშვილის რეკორდი (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავის გამარჯვება ბოლო წამებზე და ათუაშვილის რეკორდი (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტური დღეს რუსთავში დაიწყო,
სადაც ერთმანეთს თანაბარი ძალის გუნდები – “რუსთავი” და “ოლიმპი”
შეხვდნენ. ორივე ამ გუნდს მიმდინარე სეზონში ერთადერთი გამარჯვება აუტსაიდერ “მაკაბისთან”
ჰქონდა მოპოვებული და ერთმანეთში გასამართ მატჩში უნდა გაერკვიათ, თუ რომელი შეხვდებოდა
ახალ წელს მე-7 ადგილზე.

მატჩის ბოლო ძალიან დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბედი
ბოლო წამებზე გადაწყდა, მანამდე კი, თითქმის მთელი 3 მეოთხედი მასპინძელთა სოლიდური
უპირატესობით მიმდინარეობდა. რუსთაველებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა, რომელსაც
“ოლიმპის” მწვრთნელი დავით თორთლაძე წუთშესვენებების აღებით შეებრძოლა, მაგრამ
არ გამოუვიდა. ქვემოქართლელებმა საწყისი მეოთხედი 18:8 მოიგეს, მეორე პერიოდში კი ლიდერობას
კიდევ 6 ქულა წაამატეს და დიდ შესვენებაზე დამაჯერებელი უპირატესობით გავიდნენ –
39:23.

მე-3 პერიოდის შუაწელამდე რუსთაველები ლიდერობას ინარჩუნებდნენ,
მეორე ნახევარში კი “ოლიმპი” ამოქმედდა – მეოთხედის ბოლო 3-წუთიანი მონაკვეთი
თბილისელებმა 16:8 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს.

მთავარი ამბები ბოლო პერიოდში მოხდა. ირაკლი გულისაბედაშვილის,
სერგო ათუაშვილისა და ირაკლი ალხანაიძის შედეგიანი თამაშის წყალობით “ოლიმპმა”
ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 56:57. თუმცა დაწინაურება ვერ მოახერხა და მასპინძლებმა
ლევან ხმელიძის ზუსტი შეტევების შემდეგ ამოისუნთქეს – შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით
ადრე “რუსთავი” 65:56 გალიდერდა.

თითქოს ყველაფერი მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი
ჩანდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ სტუმრები. ხანიაშვილმა და გულისაბედაშვილმა შეტევები
შედეგიანად დააგვირგვინეს და ბოლო წუთი რომ დაიწყო, ქვემოქართლელები 66:60 იგებდნენ.
აქ კი მოხდა საკვანძო მომენტი, როცა გულისაბედაშვილმა მასპინძლებს მათსავე საჯარიმოსთან
აართვა ბურთი და ჯარიმის თანხლებით ჩააგდო. მართალია, ოლიმპელთა უკანახაზელმა საჯარიმო
ააცილა, თუმცა ბურთი მის მოსახსნელად მებრძოლ სტუმრებს დარჩათ.

საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე “ოლიმპის”
ფორვარდმა გიორგი ხანიაშვილმა კუთხიდან სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე
შეამცირა – 65:66. თორთლაძის გუნდს მალე დაწინაურების საშუალებაც მიეცა, როცა რუსთაველმა
რევაზ ჩაჩანიძემ გარღვევა გააცუდა და ირაკლი მიქელაძემ “ოლიმპის” დამაწინაურებელი
ორქულიანი ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა.

თამაშის დასრულებამდე 12 წამი რჩებოდა, სტუმრები სერგო
ათუაშვილზე დაჯარიმდნენ, რომელმაც ორივე ბონუს-სროლა ჩააგდო და 3 ქულით ჩამორჩენილ
“ოლიმპს” მატჩის გადასარჩენად 12 წამი დარჩა. ამ დროში თბილისელებმა სამქულიანის
სროლა მოასწრეს, თუმცა ჯერ გულისაბედაშვილმა ააცილა, შემდეგ – ნოდარ თენიეშვილმა. ფარიდან
ასხლეტილი ბურთი კვლავ ოლიმპელებმა მოიხელთეს და რევაზ ათანელიშვილმა ფარქვეშიდან შეუტია.
რუსთაველები მასზე დაჯარიმდნენ და დროც დასრულდა. “ოლიმპის” ცენტრმა არაფრისმომცემი
2 საჯარიმო სროლა შეასრულა, რომელთგანაც 1 ჩააგდო და თბილისელები 66:68 დამარცხდნენ.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო სერგო ათუაშვილი იყო 19
ქულით და 22 მოხსნთ, ხოლო “ოლიმპში” 15 ქულა ჰქონდა ირაკლი გულისაბედაშვილს.
ათუაშვილის 22 მოხსნა მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია. 
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ოთარ ხმელიძე (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი):
ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. მიუხედავად იმისა,
რომ დიდი სხვაობით ვლიდერობდით, მეტოქემ ბოლოს კინაღამ მოგვიგო. ეს იმის ბრალი იყო,
რომ ჩვენი გუნდის წევრებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ამის გამო კინაღამ დაისაჯნენ.
მეტოქემ ჩამორჩნა გააბათილა და მატჩის მოგება ხელმეორედ მოგვიხდა. მოხარული ვარ, რომ
საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ მობილიზება და გამარჯვება მოვიპოვეთ.
 დავით თორთლაძე (,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):

მნიშვნელოვანი მატჩი იყო ორივე გუნდისთვის და საკმაოდ
დაძაბულადაც წარიმართა. თავიდან მეტოქემ დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ბრძოლის
ხარჯზე “ოლიმპმა” მოახერხა შანსის მოპოვება, რომელიც ბოლო წუთზე ვერ გამოვიყენეთ.
ვულოცავ რუსთაველებს ამ პრინციპული გამარჯვების მოპოვებას.