რუსთავმა და ქუთაისმა მე-2 ტური მოგებით გახსნეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 გალერეა

ფოტო: “ქუთაისის” პრეს-სამსახური
სუპერლიგა დღეს რეგიონებშიც დაიწყო. მეორე ტურის მატჩებს
ბათუმმა და რუსთავმა უმასპინძლეს. ზღვისპირეთში მასპინძლები კიდევ ერთ რეგიონის გუნდ
„ქუთაისთან“ დამარცხდნენ, ხოლო რუსთაველებმა „შსს-აკადემია“ თბილისში წაგებული გაუშვა.

რუსთავში თამაში მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო.
სწრაფი გარღვევებითა და ზუსტი შორი სროლებით ქვემოქართველებმა პირველივე მეოთხედში
20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. განსაკუთრებით ამერიკელი ჰეიდენ ჰამსი გამოირჩეოდა,
რომელიც რუსთაველთა გუნდის შესანიშნავი დანამატია.

ჰამსმა პირველ მეოთხედში 11 ქულა ჩააგდო და რუსთაველების
სოლიდურად დაწინაურებას ხელი დიდად შეუწყო. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 26:5 მოიგეს
და მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედში ჩავარდნა ჰქონდათ, ლიდერობა არ დაუთმიათ.
თბილისელები მასპინძლებს მეორე პერიოდში 7 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა რუსთაველები სტაბილურად თამაშობდნენ
და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

ჰამსთან ერთად გამორჩეულად ითამაშეს აკაკი დვალიშვილმა
და მიხეილ ჭოჭუამ. დვალიშვილმა ფარქვეშ შესანიშნავად გაისარჯა, მასთან ორთაბრძოლაში
აკადემიელმა ცენტრმა გიორგი შარაბიძემ ადრიანად მიიღო ჯარიმები დ ამან მასპინძელთა
ცენტრს ასპარეზი კიდევ უფრო გაუფართოვა.

გამარჯვებულებს აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, რომელსაც
სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა – 26 ქულა, 16 მოხწსნა, 8 პასი. თამაშიდან 13-დან
11 სროლა ჩააგდო და 26 ქულას მოუყარა თავი ჰეიდენ ჰამსმა, ხოლო გოგა ცეკვავამ პირად
ანგარიშზე 14 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა. აკადემიელთაგან 21 ქულით საუკეთესო
ბექა ჩიკვილაძე იყო, გიორგი შარაბიძემ კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

ბათუმში უფრო დაძაბული მატჩი ჩატარდა. მიუხედავად იმისა,
რომ მასპინძლებმა მესამე პერიოდი ძალიან კარგად ითამაშეს და მეტოქეს 10-წუთეული
14:1 მოიგეს, საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. ქუთაისეებმა ბოლო პერიოდი საიმედო დაცვითა
და სწრაფი შეტევებით ჩაატარეს და ათწუთეულის 19:5 მოგებით შეხვედრაში გაიმარჯვეს –
63:55.

სტუმრებს ძმებმა ბარბაქაძეებმა ულიდერეს – დავითმა
15 ქულა დააგროვა, გიორგიმ კი – 14. 7 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა მატჩი ავთანდილ
ლომინაშვილმა. ბათუმელებში კი ლეგიონერები გამოირჩნენ – ნიკოლას კელოგმა 18 ქულა მიითვალა,
კრისტოფერ ფელჩერმა კი 14 ქულა და 12 მოხსნა.

სუპერლიგის მე-2 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 1 ნოემბერს,
სპორტკომპლექს „არენაში“ გაიმართება.
მატჩიშემდგომი კომენტარები
ბათუმი- ქუთაისი  55:63
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას. დღეს ფაქტობრივად, 6 კაცით ვითამაშეთ. ტრავმირებული
მოთამაშეები ვერ გამოვიყვანე, მხოლოდ ელიაძემ ითამაშა. ,,ქუთაისს’’ ძალიან კარგი გუნდი
ჰყავს, დღეს ნამდვილად გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): საკმაოდ დაძაბული
და კარგი თამაში იყო. პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა, შეგვეძლო
გაგვეზარდა სხვაობა, მაგრამ ბევრი ბურთი დავკარგეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ფიზიკურად
ვერ ჩავაგდეთ ვერაფერი. საბედნიეროდ, მოვახერხეთ მობილიზება, ანგარიშის გათანაბრება
მეოთხე პერიოდში და კარგი დაცვის ხარჯზე ლიდერობაც დავიბრუნეთ. საბოლოო ჯამში, კმაყოფილები
ვართ. წინ ძალიან სერიოზული თამაში გველის რუსთავის წინააღმდეგ, დარბაზის პრობლემების
გამო გასვლითი თამაშები გვაქვს. დღევანდელი მატჩი ნამდვილად გამოგვადგება ამ შეხვედრისთვის
მოსამზადებლად. შევეცდებით, ეს კვირა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მომდევნო თამაშშიც
წარმატებას მივაღწიოთ. 
რუსთავი-შსს  95:76
კოტე ტუღუში (შსს-აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): თავის გასამართლებლად არ ვამბობ, თუმცა ფაქტია რომ ჩვენი
გუნდი უვარჯიშებელია. ერთი კვირაა, რაც სრულფასოვანი ვარჯიში დავიწყეთ და ოპტიმალურ
ფორმამდე ბევრი გვაკლია. ამ წაგებიდან დასკვნებს გამოვიტანთ და ვეცდებით, უახლოეს მომავალში
დღეს დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.
მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): აშკარად ეტყობოდა „შსს-აკადემიას“, რომ ოპტიმალური ფორმისგან
შორსაა. ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და ეს შანსი გამოვიყენეთ. დარწმუნებული
ვარ, მეორე წრეში ამ გუნდთან გაცილებით რთული მატჩი გვექნება. ვულოცავ ჩვენს გუნდს
სეზონის მეორე გამარჯვებას და ვეცდებით, თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.