გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-9 ტური დღეს თბილისსა და რუსთავში გაგრძელდა. ქვემო ქართლში “რუსთავმა” “დინამოს” უმასპინძლა, ხოლო თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ქუთაისმა” “ოლიმპი” მიიღო. დიახ, ქუთაისური გუნდი ამ შეხვედრაში მასპინძლად ითვლებოდა, რადგან კალენდრის მიხედვით “ოლიმპისთვის” ქუთაისში უნდა ემასპინძლა და ეს დარბაზის გაუმართაობის გამო ვერ მოახერხა. ამიტომ, “ოლიმპს” სუპერლიგის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა. ამ გუნდებს შორის მეორე წრის შეხვედრაც თბილისში გაიმართება და მასპინძელი “ოლიმპი” იქნება.
ქუთაისელებისთვის საკუთარი ქალაქის გარეთ თამაშს ხელი არ შეუშლია, ისე მობილიზებით, შემართებით და მიზანდასახულად გამოიყურებოდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგაში პირველი მარცხი წინა ტურში “ტიტებთან” იგემა და მომდევნო თამაშშივე დაამტკიცა, რომ ეს იყო შემთხვევითობა. იმერულ კლუბს ჩავარდნა არ აქვს, რადგან საკმაოდ მძლავრ და ამბიციურ “ოლიმპს” თბილისში ერთი ამოსუნთქვით აჯობა.
“ოლიმპს” ცუდად არ დაუწყია – 9:3 იგებდა, მაგრამ “ქუთაისმა” იოლად იპოვა თავისი თამაში და მეტოქე ჩამოიტოვა. იმერულ კლუბს ლიდერობდა გიორგი კორსანტია, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მეფარეა. ეროვნული ნაკრების წევრმა ქუთაისელებს ფარის მისადგომებში დიდი უპირატესობა დაუბევა. კორსანტია მოსახსნელს ხსნიდა და ჩასაგდებს აგდებდა. უკანა ხაზიდან ადრიან ბოუი აშველებდა ხელს, ხოლო წინა ხაზში კორსანტიას ჯარვის რეი პარტნიორობდა.
ქუთაისელები ხელჩასაჭიდად გალიდერდნენ, ოლიმპელები კი მდევრის როლში იყვნენ და მეტოქეს ბოლო პერიოდში წამოეწივნენ, როცა კახა ჯინჭარაძის, ბუნდუ აბდულაის, დავით ლომიძისა და ლუკა კალატოზიშვილის მექულებოთ ანგარიში 69-ზე გაათანაბრეს. აქ ქუთაისელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და მეტოქეს ისე გაექცნენ, მიუწვდომელნი გახდნენ და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ – 84:82 (სტატისტიკა).
მატჩის გმირმა გიორგი კორსანტიამ შეხვედრა 27 ქულით, 15 მოხსნითა და 3 ჩაჭრით დაასრულა. 15 ქულა და 7 მოხსნა ჯარვის რეიმ მოაგროვა, ადრიან ბოუის ანგარიშზე კი 13 ქულა და 8 პასი დაგროვდა. ლევან გრძელიძემ 16 ქულა მიითვალა. “ოლიმპში” 22 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, ხოლო 14 ქულა 3-მა კალათბურთელმა – ლუკა კალატოზიშვილმა, ბუნდუ აბდულაიმ და დავით ლომიძემ დააგროვეს.
რუსთავში გამართული შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა. სუპერლიგაში ერთადერთი გამარჯვების მქონე “დინამო” მასპინძელს ბოლომდე გმირულად ებრძოლა, თუმცა გამარჯვებამდე ძალიან მცირედი დააკლდა. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილი დინამოელები რუსთაველებს მატჩისთვის განკუთვნილი დროის უმეტეს წილს უგებდნენ. ლიდერი 18-ჯერ შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 11-ჯერ დაფიქსირდა.
რუსთაველებისთვის ეს იყო 2021 წლის ბოლო საშინაო თამაში და მაყურებლებით შეგულიანებულებმა გადამწყვეტ წუთებში განსაკუთრებულად მოინდომეს. აღსანიშნავია ახალგაზრდა გუგა პატაშურის შედეგიანობა, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბოლო წუთებზე მედგარი დაცვის ხარჯზე რუსთაველებმა მეტოქეს არ ჩააგდებინეს, თავად კი შეტევაში იხეირეს და საბოლოოდ 82:76 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს.
გამარჯვებულთა შორის 22 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი. გუგა პატაშურმა 18 ქულა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. იშმაელ ჰოლისმა და ლუვეინ პიპკინსმა 12-12 ქულა მიითვალეს. “დინამოში” 15-15 ქულით საუკეთესოები იყვნენ ბენჯამინ ქოლეჯი და რაჰსან უილიამსი.
სუპერლიგის მე-9 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 25 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.