სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი
გაიმართა დღეს, სპორტის ახალ სასახლეში. გუშინ რეგიონებში დაწყებული მე-7 ტურის გაგრძელება
ძალიან საინტერესო გამოვიდა. „კაკტუსმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და მატჩის ბედი დამატებით
5-წუთეულში გადაწყდა. 88:88 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, რუსთაველებმა ოვერტაიმში
103:95 იმარჯვეს, თუმცა მანამდე განვითარებული მოვლენებით კალათბურთის ჭეშმარიტმა გულშემატკივარმა
დიდად ისიამოვნა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავიდან
რუსთაველები იგებდნენ. პირველი პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე რამაზ გოგობერიშვილის
გაწვრთნილი ქვემოქართლელები 16:8 დაწინაურდნენ, თუმცა ბექა ჩიკვილაძისა და ტაილერ უაიტის
შედეგიანობით „კაკტუსმა“ მეორე პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 12-ქულიან უპირატესობას
მიაღწია – 52:40.
ამის შემდეგ შეხვედრა კაკტუსელთა ლიდერობით გაგრძელდა,
რასაც წერტილი მეოთხე პერიოდის დასაწყისში დაესვა, როცა ჩარლი ლიმ ორქულიანით ქვემოქართლელები
72:71 დააწინაურა. ტონი სპანოლოს, რეზო ჩაჩანიძის, ჩარლი ლის და გიგი გოგობერიშვილის
მექულეობით რუსთაველებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და საქმე თითქმის გამარჯვებამდე
მიიყვანეს, მაგრამ კაკტუსელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ტაილერ უაითმა შეტევისთვის განკუთვნილი
24 წამის ბოლო წამზე უხერხული სიტუაციიდან 3-ქულიანი ჩააგდო და არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი
თბილისელები საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე 88:86 დააწინაურა.
შეხვედრის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რადგან
კაკტუსელებს 2 გუნდური ჯარიმა ჰქონდათ და დარჩენილ 2 წამში ტაქტიკური ჯარიმის აღებით
ფინალამდე იოლად მისვლა მართებდათ, თუმცა… წუთშესვენების შემდეგ რუსთაველებმა ბურთი
გვერდითი ხაზიდან შემოიტანეს. ბურთი ჩარლი ლიმ მოედნის კუთხეში მიიღო, მეურვეს, ბექა
ჩიკვილაძეს გასცდა და გამთანაბრებელი ორქულიანი სირენის თანხლებით ჩააგდო 88:88.
დამატებით დროი რუსთაველებმა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს
და 103:95 გაიმარჯვეს. ტონი სპანოლომ დიდებული სტატისტიკა დააფიქსირა – 29 ქულა,
18 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩჭრა. 19 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩჭრა მითვალა ჩარლ;ი
ლიმ. 14 ქულა და 5 პასი მოაგროვა გიგი გოგობერიშვილმა, რევაზ ჩაჩანიძემ კი უაღრესად
დროული და საკვანძო სროლებით 11 ქულა შეაგროვა. კაკტუსელთაგან 1 პასი დააკლდა სამმაგ
დუბლამდე 28 ქულა – 12 მოხსნა – 9 პასის მიმთვლელ ბექა ჩიკვილაძეს. 27 ქულა მოაგროვა
ტაილერ უაითმა.
სუპერლიგის მე-7 ტურის ბოლო შეხვედრაში „მგზავრები“
„სოხუმს“ დაუპირისპირდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
– ყველას აინტერესებს
ის მომენტი, როცა ბოლო 2 წამში მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შანსი მივეცით. როგორ
ფიქრობთ, არ ვეტყოდი, რომ ჯარიმა აგვეღო და ბურთის სროლის საშუალება არ მიგვეცა?! მიუხედავად
ამისა, მოთამაშეებს არაფერს არ ვაბრალებ და წაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე
ვიღებ. ჩვენ გვაკლდა ერთ-ერთი ლეგიონერი, ხოლო ირაკლ იჩლაიძემ თამაშის მსვლელობისას
ტრავმა მიიღო. ჩვენთვის ეს სერიოზული დანაკლისია, თუმცა მაინც ბოლომდე ვიბრძოლეთ და
გამარჯვებამდეც მცირედი დაგვაკლდა. წინ გრძელი სეზონია და ვეცდებით პრობლემები დავძლიოთ
და სასურველ კალაპოტში ჩავდგეთ.
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
– ემოციურადაც და საყურებლადაც ძალიან დაძაბული თამაში
იყო. ვულოცავ ჩემს გუნდს, მათ ყველაფერი გააკეთეს მოგებისთვის. მომავალშიც ვეცდებით
რომ წარმატებულად ჩავატაროთ შეხვედრები