რუსთავმა მეგას ოვერტაიმში სძლია

რუსთავმა მეგას ოვერტაიმში სძლია

სუპერლიგის მორიგი ტური საინტერესო, დაძაბული მატჩით დასრულდა. “რუსთავმა” ცხრილის მეზობელ “მეგას” უმასპინძლა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 74:74 დასრულდა, ოვერტაიმში კი ქვემოქართლელებმა იძალეს და ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვეს – 86:81 (სტატისტიკა).

მატჩის ძირითადი დროის დასკვნითი წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. სტუმრებმა, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი – დენგი აკუტის, ჯიმონ ჰენსონისა და ტაირელ კორბინის შედეგიანობით 70:67 დაწინაურდნენ.

“მეგას” გამარჯვების რეალური შანსი მიეცა, როცა “რუსთავის” ამერიკელ ლეგიონერ, კრისტიან კილინგს აკუტიმ ჩაუჭრა და ფარქვეშ ოთარ ბულიავა შეიჭრა. მას რომ ჩაეგდო, სტუმრები მატჩის დასრულებამდე 80 წამით ადრე 5 ქულით დაწინაურდებოდნენ, თუმცა ბულიავამ ააცილა და რუსთაველთა გამთამაშებლის, ლუვეინ პიპკინსის ჯერი დადგა. პიპკინსმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანი და რუსთაველები შეხვედრის დასრულებამდე 24 წამით ადრე 74:72 დააწინაურა.

“მეგამ” წუთშესვენება აიღო და დაგეგმილი კომბინაცია ჰენსონმა შედეგიანი გარღვევით დააგვირგვინა – 74:74. დარჩენილ 8 წამში პიპკინსმა სცადა, მაგრამ გამარჯვების ბურთი ვერ ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიზარდა. დამატებით ხუთწუთეულში მასპინძლები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელმაც მანამდეც შედეგიანად ითამაშა, საჭირო ბურთი ჩააგდო, რასაც იშმაელ ჰოლისის გამანადგურებელი სამქულიანები მოჰყვა და “მეგა” წასაგებად გაიწირა.

ჰოლისი საბოლოოდ ყველაზე შედეგიანი გახდა – 25 ქულა და 7 მოხსნა. პიპკინსმა თავი 26 ქულას, 6 მოხსნას და 4 ჩაჭრას მოუყარა. ბოქოლიშვილის ანგარიშზე 14 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. ორმაგ დუბლს შესწვდა რაჰიმ ჯონსონი – 10 ქულა, 12 მოხსნა. “მეგას” 19 ქულით, 14 მოხსნითა და 4 დაფარებით დენგი აკუტიმ ულიდერა. 17 ქულა ჯიმონ ჰენსონმა, ხოლო 14 – ტაირელ კორბინმა მიითვალეს.

ამ მოგებით “რუსთავი” გამოეყო 5-5 მოგების მქონე მეგას, კაკტუსს და ტიტებს და 6 გამარჯვებით მათ წინ, მე-6 პოზიციაზე დამკვიდრდა. სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 20 და 21 მარტს, თბილისში გაიმართება.