რუსთავმა ნახევარფინალური სერია დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა

რუსთავმა ნახევარფინალური სერია დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა

დღეს დაგეგმილი სუპერლიგის 2 ნახევარფინალური მატჩიდან პირველი რუსთავში გაიმართა. ქვემო ქართლში დაიწყო ფინალში გასასვლელი ბრძოლა რუსთავსა და კავკასიას შორის. სერიას მოიგებს ის გუნდი, რომელიც 3 გამარჯვებას მოიპოვებს. პირველი შეხვედრა დამაჯერებელი სხვაობით – 92:75 (სტატისტიკა) რუსთავმა მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა მთლიანობაში დამაჯერებლად, ზედმეტი გართულებების გარეშე მოიგეს. რუსთავი კარგად მომზადებული შეხვდა მატჩს – მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან სწრაფად დაიწყეს თამაში და ტემპი ბოლომდე არ დაუგდიათ. კავკასია ვერ აჰყვა მეტოქეს სწრაფ და შედეგიან თამაშში, ბექა წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს თითქოს ენერგია აკლდა, არადა, წინა მატჩი კავკასიელებმა 11 დღის წინ გამართეს, როცა ბათუმს მეოთხედფინალური სერია 3:1 მოუგეს. 

კონკრეტული მიზეზის დასახელება, თუ რატომ წააგო კავკასიამ, რთულია, თუმცა რაც მართალია, წივწივაძის გუნდის ყველაზე დიდი პრობლემა რუსთაველთა კარგი თამაში იყო. მასპინძლებს ყველა რგოლში მისდიოდათ თამაში. პერიმეტრიდან ლუკა ბულაშვილი, ტროი კროფტი, რევაზ როგავა აქტიურობდნენ, საჯარიმოს ირგვლივ და ფარქვეშ გუგა პატაშური, აივერი დიგსი და აკაკი დვალიშვილი არაფერს თმობდნენ – კავკასია ინდივიდუალური თამაშის იმედად დარჩა, რაშიც არ გაუმართლა. კრის მაკნილი და ჯასტინ ფორესტი რუსთაველთა დაცვის გამო შევიწროებულები იყვნენ, ილია ლონდარიძემ და აიზია ლუისმა ფარქვეშ ბევრი იბრძოლეს, მაგრამ შედეგი კავკასიისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო.

პირველი პერიოდის შემდეგ რუსთავი 27:12 იგებდა. მეორეში რუსთაველებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდში კავკასიას მცირე იმედი გაუჩნდა, როცა კრის მაკნილის, ილია ლონდარიძისა და აიზია ელისის ქულებით ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს (63:72). რუსთაველთა პასუხი იყო წუთშესვენება და მოედანზე დაბრუნებულებმა ლიდერობა კვლავ კაიმყარეს. თავი გამოიჩინა ანზორ ნადირაძემ, რომელმაც სამქულიანიც ჩააგდო, ფარქვეშაც იხეირა და როცა ტროი კროფტმა სამქულიანები ზუსტად გაისროლა, რუსთაველთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია.

ბოლო პერიოდში მატჩი თვითდინებით ჩამთავრდა. კავკასიამ ვეღარაფერი დაუპირისპირა მასპინძლებს და სერიის პირველი მატჩი დათმო. რუსთავში 9 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო იყო კროფტი. 16 ქულა და 7 პასი ლუკა ბულაშვილმა დააგროვა. 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი გუგა პატაშურის ანგარიშზეა. კავკასიაში 20 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო აიზია ელისი, კრის მაკნილმა შეხვედრა 23 ქულით დაასრულა.

სერიის მე-2 მატჩი კვლავ რუსთავში, 7 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.