სუპერლიგის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა დღეს რუსთავში, სადაც სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავიდა. ორივე გუნდმა წინა მატჩი “დინამოსთან” გამართა. ქუთაისელებმა მოქმედი ჩემპიონი 1 ქულით დაამარცხეს, ხოლო რუსთაველებმა “დინამოსთან” უშანსოდ – 57:86 წააგეს. “რუსთავისა” და ქუთაისის” დღევნდელ დაპირისპირებაში ფავორიტის დასახელება ძნელი იყო, თუმცა საბოლოო შედეგმა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა.
მეტნაკლებად თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, “რუსთავმა” უპირატესობა მოიპოვა და მეორე მეოთხედის დამაჯერებლად მოგების შემდეგ დიდი შესვენებისთვის 52:42 დაწინაურდა. ქვემოქართლელები კარგად თამაშობდნენ დაცვაში, განსაკუთრებით კი – შეტევაში და სტუმრებს როგორც პერიმეტრიდან, ისე ფარქვეშ ჯობნიდნენ. რეზო ჩაჩანიძე, გოგა ცეკვავა და ბრაიან ბერნარდი სამქულიანებს აგდებდნენ, ხოლო ფარქვეშ ჯეფ კრუკი და ტაირელ ნელსონი დომინირებდნენ, რომლებსაც ხელს სათადარიგო მეფარე – პოლ კუპერიც აშველებდა და მესამე პერიოდში რუსთაველებმა მოგებაზე ხამაღალი განაცხადი გააკეთეს.
მესამე პერიოდის 25:19 მოგების შემდეგ, “რუსთავი” 16 ქულით დაწინაურდა და ეს დამაჯერებელი უპირატესობა თამაშის ბოლომდე იოლად შეინარჩუნა. საბოლოოდ 100:84 – რუსთაველთა სასარგებლოდ და ქვემოქართლელებმა 8 მოგების წილ 4 მარცხი დააგროვეს. ამ შედეგით რუსთაველები სუპერლიგის ცხრილს ლიდერობენ, თუმცა მეორეზე მყოფ “დინამოს” 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ქვემოქართლურ გუნდს დღევანდელ მატჩში ტაირელ ნელსონმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 16-16 ქულა ჩააგდეს ადამ ბლეიზეკმა და ბრაიან ბერნარდმა, ხოლო რეზო ჩაჩანიძის მონაგარი 6 ცდიდან ჩაგდებული 5 სამიანი და შესაბამისად – 15 ქულა იყო. “ქუთაისში” 25 ქულით დეჟუან რაითი გამოირჩა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 19 ქულა მიითვალა.
სუპერლიგის მორიგი შეხვედრა 28 დეკემბერს – ქუთაისში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “კაკტუსი” ჩავა.
ფოტო 📸 მირიან ჩხეიძე
რუსთავი – ქუთაისი
სტატისტიკა: 100:84
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“საბოლოოდ დიდი სხვაობა კი დაფიქსირდა, თუმცა იოლი მატჩი არ ყოფილა. დაცვაში საკმაოდ ბევრი – 84 ქულა მივიღეთ, თუმცა შეტევაში მართლაც შედეგიანად გამმოვიყურებოდით და ამის ხარჯზე მოვახერხეთ გამარჯვება. გავაგრძელებთ მუშაობას და მომავალ მატჩებს უკეთეს ფორმაში შევხვდებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა გულშემატკივარს მივულოცო შობა-ახალი წელი”.
კოტე ტუღუში, “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:
“თამაში ჩავაგდეთ, განსაკუთრებით, დაცვაში და ამით მეტოქეს მივეცით იმის შესაძლებლობა, მისთვის ხელსაყრელი ტაქტიკით ეთამაშა. შედეგიც სახეზეა. “რუსთავის” მოთამაშეებმა 14 სამქულიანი ჩააგდეს და ამასთან, ფარქვეშ დიდ უპირატესობას ფლობდნენ. დღეს წავაგეთ, თუმცა წინ პრინციპული მატჩებია და მეტი მონდომებით მოვემზადებით”.