სტატისტიკა სუპერლიგის მორიგი, მე-17 ტური დღეს ქუთაიში დაიწყო,
სადაც ადგილობრივი ქალაქის გუნდმა „რუსთავს“ უმასპინძლა. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა
ორიოდ კვირის წინ თასის გათამაშებაში გაიმართა და ის მეოთხედფინალური მატჩი რუსთაველებმა
71:66 მოიგეს. დღევანდელ შეხვედრაშიც გამარჯვებულები ქვემო ქართლელები გამოვიდნენ,
რითაც იმერულ კლუბს საკუთარი უპირატესობა ქუთაისში ზედიზედ მეორედ დაუმტკიცეს.
მატჩის პირველი მეოთხედი რუსთაველთა უპირატესობით წარიმართა.
საწყისი მეოთხედი სტუმრებმა 17:11 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდის შუაწელში მასპინძლებმა
ჩამორჩენა გააბათილეს და 1 ქულით დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა დროებით – რუსთაველებმა
მატჩის სადავეები დაიბრნეს და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ –
29:24.
მეორე ტაიმში ბროლა არ შედგა. ლაშა გამყრელიძის ზეშედეგიანი
თამაშის წყალობით რუსთაველებმა მასპინძლები წელში გატეხეს. გამყრელიძემ ზედიზედ 3 სამქულიანი
ჩააგდო, რითაც ქვემო ქართლელებს მესამე პერიოდის 25:19 მოგებაში დაეხმარა და ბოლო ათწუთეულის
წინ სტუმართა 11-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა – 54:43. ბოლო პერიოდში ვითარება არ შეცვლილა.
რუსთაველებმა ლიდერობა წარმატებით შეინარჩუნეს და საბოლოოდ 12 ქულით – 73:61 გაიმარჯვეს.
რუსთაველებს 24 ქულით და 7 პასით ლაშა-გიორგი გამყრელიძემ
ულიდერა. 17 ქულა დააგროვა ნიკოლა გაჩეშამ, ხოლო ამერიკელი კაელ ტურპინის ანგარიშზე
10 ქულა და 18 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 14-14 ქულით ივან მიკულიჩი და გოგა ცეკვავა
გამოირჩნენ.
ქუთაისი – რუსთავი 73:61
მატჩისშემდგომი კომენტარები:
კოტე ტუღუში, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში მივულოცავ „რუსთავს“ გამარჯვებას. არ გამოგვივიდა დღევანდელი თამაში. აშკარად კრიზისში ვართ და ეს კრიზისი ძალიან გაგვეწელა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყურებს ნამდვილად არ ჩამოვყრით და შემდეგ ტურში უკეთესად ვითამაშებთ.
რამაზ გოგობერიშვილი („რუსთავის“
მთავარი მწვრთნელი): თავიდანვე ჩვენი უპირატესობით წარიმართა თამაში და
სასიხარულოა, რომ ეს ტემპი მატჩის ბოლომდე
შევინარჩუნეთ. გადამწყვეტ მომენტს მაქსიმალურად
მობილიზებულნი შევხვდით და კარგი დაცვის ხარჯზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება
შევძელით.
სუპერლიგის მე-17 ტური ხვალ, 13 თებერვალს, თბილისის
ახალ სპორტის სასახლეში 3 მატჩით დასრულდება.