სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “ოლიმპმა” ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 1 კვირის წინ შეხვედრა “ვერასთან” დათმო, დღეს კი მოქმედ ჩემპიონ “რუსთავს” დაუპირისპირდა და 81:89 (სტატისტიკა) დამარცხდა.
რუსთაველთათვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი ქვემოქართლური გუნდი ჩემპიონის კვალობაზე ხეირიანად ვერ გამოიყურება. ამ ტურამდე რუსთაველებს 2 მოგება და 5 მარცხი ჰქონდათ და დღესაც რომ წაეგოთ, აუტსაიდერთა შორის განთავსდებოდნენ.
რუსთაველებმა ბოლო პერიოდში 2 ლეგიონერი შეცვალეს და თამაში გაცილებით გააუმჯობესეს. მართალია, წინა ტურში შინ “ტიტებთან” წააგეს, თუმცა ქვემოქართლელებს აშკარად პროგრესი აქვთ და ეს დღეს ამბიციური “ოლიმპის” დამარცხებით დაამტკიცეს. ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა თანაბარი ორთაბრძოლით დაიწყო. პირველი პერიოდი ოლიმპელებმა მინიმალური სხვაობით – 20:19 მოიგეს, თუმცა მეორე ათწუთეულიდან სტუმრებმა თამაში კარდინალურად შეცვალეს და უპირატესობას დაეუფლნენ.
სწრაფი და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშით რუსთაველებმა მეტოქე ჩამოიტოვეს, პერიოდი 26:18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში ქვემოქართლელებმა ზეწოლა გააძლიერეს და მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვეს. ანგარიშში სხვაობა 16 ქულამდე გაიზარდა, თუმცა ოლიმპი არ დანებდა და ბოლომდე შეუპოვრად იბრძოლა. როგავას გუნდი შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა, თუმცა მოგების რეალური შანსი არ მისცემია.
გამარჯვებულებს კრისტიან კილინგმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 20 ქულა და 8 მოხსნა იშმაელ ჰოლისის ანგარიშზეა, ხოლო ლუვეინ პიპკინსმა შეხვედრა 13 ქულითა და 10 პასით დაასრულა. ოლიმპში 35 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. ილია ლონდარიძემ შეხვედრა 17 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა.
მე-9 ტურის ბოლო 2 შეხვედრა ხვალ, 19 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.