სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა “რუსთავმა” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ბრძოლაში – 96:88 (სტატისტიკა) სძლია და პლეი ოფის მომდევნო რაუნდში გავიდა. თსუ-სთვის სეზონი დასრულდა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა, რომელსაც ტრავმების გამო 2 ლეგიონერი გამოაკლდა და პლეი ოფის დაწყებამდე დარჩენილი ერთადერთი ცენტრიც დაუშავდა, ორივე მეოთხედფინალურ მატჩში ებრძოლა ფავორიტ რუსთავს, მაგრამ ვერას გახდა.
დღეს გამართული მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა პირველს. თსუ, რომელიც ფაქტობრივად ცენტრის გარეშე თამაშობდა, აქცენტი პერიმეტრზე ჰქონდა გადატანილი, რასაც სწრაფ შეტევებს უნაცვლებდა და ეს ტაქტიკა კარგა ხანს ამართლებდა. უნივერსიტეტელებმა პირველი პერიოდი 26:13 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი 11 ქულით ლიდერობდნენ.
ასე იყო წინა მატჩშიც, პირველ ნახევარში თსუ-ელები დამაჯერებლად ლიდერობდნენ და ქვემოქართლელებმა მესამე პერიოდის ბოლოში, ქულით გადაასწრეს. მესამე პერიოდში ბოისას ტაქტიკა ისევ პერიმეტრის გადაკეტვა და მეტოქის ფარქვეშიდან შეტევა იყო. თუმცა ამას ისიც დაერთო, რომ რუსთაველთა უკანახაზელებმა შორიდანაც ჩააგდეს და კონტრშეტევებითაც იხეირეს. გარდატეხაც აქ მოხდა. რუსთავმა 30:18 მოიგო პერიოდი და ბოლო ათწუთეულის წინ 68:67 დაწინაურდა.
რაკი დაწინაურდნენ, რუსთაველებმა ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვეს. არჩეულ ტაქტიკას ბოლომდე მიჰყვნენ , პერიოდის შუაწელში 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებაც გაინაღდეს. რუსთაველთა შორის 25 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო მაიკლ დევისი. 28 ქულა და 9 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა მიითვალა. მალიქ უაითის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 19 ქულით, 9 პასითა და 6 მოხსნით ბრენდონ სლაი გამოირჩა. 19 ქულა დააგროვა რიჩარდ ქალდველმა, მიხეილ ჭოჭუამ და მაიზერ რევაზაშვილმა 16-16 ქულა მოაგროვეს.
რუსთავი ნახევარფინალში ელოდება მეტოქეს, რომელიც “კაკტუსისა” და “ვერას” დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს. ამ სერიაში ანგარიში 1:1-ია და გადამწყვეტი მატჩი 10 მაისს არის დანიშნული.