რუსთავმა თსუ-ს მოუგო და ფინალური სერია გაათანაბრა

რუსთავმა თსუ-ს მოუგო და ფინალური სერია გაათანაბრა

სუპერლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. რუსთავმა, რომელიც გუშინ, სერიის პირველ მატჩში მთელი შეხვედრა უგებდა თსუ-ს და ბოლო წუთებზე 66:69 დამარცხდა, თსუ-ს ღირსეული რევანში აუღო. სერიის მეორე მატჩში რუსთაველებმა დამაჯერებელი სხვაობით – 80:67 (სტატისტიკა) სძლიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტელებს და სერია თბილისში თანაბარი ანგარიშით ინაცვლებს – 1:1. 

ეს მატჩი წინანდელს სცენარით საკმაოდ წააგავდა. რუსთაველებმა თავიდანვე ლიდერობა მოიპოვეს და მთელი შეხვედრა წინ იყვნენ. თსუ ხან ამცირებდა ჩამორჩენას, ხან ანგარიშში სხვაობა 10-ქულიან ზღვარს სცდებოდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ბოლო პერიოდში თსუ-მ თამაში ვეღარ შემოატრიალა. ამის მიზეზი რუსთაველთა დამაჯერებელი, უფრო კი მოტივირებული გარჯა გახლდათ. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს სერიის პირველი მატჩი გუშინ ხელიდან გამოეცალა. დიდი შესვენებისთვის და მესამე პერიოდის რამდენიმე ეპიზოდში 14 ქულით მოლიდერეს მატჩის ბოლო პერიოდი ჩაუვარდა და დასანანი წაგებით მოედნის უპირატესობა დაკარგა. აქედან გამომდინარე, სერიის მეორე მატჩში რუსთაველებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ. მათ კიდევ ერთი წაგების უფლება არ ჰქონდათ, რადგან სერიაში 0:2 ჩამორჩენა სუპერლიგის გამოცდილებით დამარცხებას ნიშნავს. 0:2 ჩამორჩენის შემდეგ აქამდე მხოლოდ ერთი ფინალი შებრუნებულა – 1998 წელს ვითამ რუსთავის აზოტთან 0:2 ჩამორჩენის შემდეგ 3:2 მოიგო.

ტაქტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, რუსთავმა უპირატესობა წინა და უკანა სათამაშო რგოლების დამაჯერებელი თამაშის წყლობით მოიპოვა. ფარქვეშ აივერი დიგსი ოპონენტებს სჯობნიდა, რაც როგორც დაცვითი ეფექტურობით, ისე შეტევაში გარჯით გამოიხატებოდა. უკანა რგოლში თსუ-ს გუშინდელი უპირატესობა დაკარგული იყო. გიორგი ცინცაძემ ვერ გაშალა ფრთები, რაც მისი ოპონენტების, ლუკა ბულაშვილისა და რევაზ როგავას სისწრაფის, სწორი დაცვისა და შეტევაში სიზუსტის დამსახურება გახლდათ. 

რუსთაველებს დიდ დახმარებას უწევდა გუგა პატაშური, რომელიც ფარქვეშ დიგსს ხომ ეხმარებოდა, პერიმეტრზეც ადიოდა და თსუ-ს ფარის დასალაშქრად ნაირგვარ არსენალს იყენებდა. თსუ-ს იმედი შორი სროლები იყო, რაც პერიოდულად მუშაობდა და სწორედ სამქულიანებით მისდევდა ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი მასპინძლებს. ბოლო პერიოდში რუსთაველებმა ტემპი კიდევ უფრო გაზარდეს, დაცვაშიც მეტი მობილიზება გამოავლინეს და თსუ-ს კალათბურთელებმა საკვანძო ეპიზოდებში გაცუდებული სროლების გამო თამაშის გადარჩენის შანსი დაკარგეს.

რუსთავის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა აივერი დიგსმა – 24 ქულა და 8 მოხსნა. ლუკა ბულაშვილმა 25 ქულა, 4 მოხსნა და 3-3 ჩაჭრა-პასი მიითვალა. 7-7 ქულა დააგროვეს რევაზ როგავამ და ლევან ბაბილოძემ. თსუ-ში 17 ქულით და 11 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა. 14 ქულა ჯიმონ ჰენსონმა მიითვალა, გიორგი ცინცაძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 11 პასი დაგროვდა.

ფინალური სერიის მე-3 და მე-4 მატჩები 24 და 25 მაისს, თბილისი არენაზე გაიმართება.