რუსთავმა თსუ-ს უპრობლემოდ მოუგო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავმა თსუ-ს უპრობლემოდ მოუგო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სუპერლიგის მე-2 წრის რიგით მე-5 ტურის მატჩები დღეს რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა.

ქვემოქართლელებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს
და დამაჯერებლად მოუგეს – 86:68.

სტუდენტებმა, რომლებიც 8 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილში
მე-7 ადგილზე არიან, მასპინძლებს მხოლოდ მატჩის საწყის წუთებში გაუწიეს წინააღმდეგობა.
თანაბარი დებიუტის შემდეგ რუსთაველებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – ლევან ცეკვავასა
და კაილ ნელსონის შედეგიანობით პერიოდი 22:13 მოიგეს და მეორე ათწუთეულიდან ტემპს კიდე
უფრო უმატეს.

მეორე მეოთხედში შეუჩერებელი  იყო რუსთაველთა ამერიკელი გამთამაშებელი ნეით ბოუი,
რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. ბოუის კაილ ნელსონიც უბამდა მხარს და დიდი შესვენებისთვის მასპინძლები 26
ქულით დაწინაურდნენ – 55:29.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ რუსთაველები 70:45 იგებდნენ
და გამარჯვებამდე მისვლაც არ გასჭირვებიათ. 

მოგებულთაგან 25 ქულითა და 6 ჩაჭრით თავი ზემოხსენებულმა
ნეით ბოუიმ გამოიჩინა, 19 ქულა ჰქონდა ლევან ცეკვავას, ხოლო კაილ ნელსონს – 13.  რაც შეეხებათ თსუ-ელებს, სტუდენტთაგან 13-13 ქულა
სამმა კალათბურთელმა მოაგროვა – დავით ხიზანიშვილმა, სერჟ ასელაინმა და გიორგი ვახანიამ.

სუპერლიგის მიმდინარე ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ,
თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

 მიხეილ ბერუაშვილი
(რუსთავი):

მივულოცავ რუსთაველ გულშემატკივრებს გამარჯვებას. მიუხედავად
იმისა, რომ მეტოქე საკმაოდ მებრძოლი გუნდი იყო, გამარჯვებას იოლად მივაღწიეთ. ეს გარკვეულწილად
იმ ფინანსური პრობლემების ბრალია, რომელიც თსუ-ს აქვს. ძნელია, მთელი მონდომებით ითამაშო,
როცა გუნდში ყველაფერი გამართულად არ არის. წინ ბევრად მნიშვნელოვანი მატჩები გველის
და ჩვენც ყველანაირად ვემზადებით.

 ლევან ქარაბაკი
(თსუ):

რუსთაველებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, შედეგი ლოგიკურია.
ამ დარბაზში ნებისმიერ სტუმარ გუნდს უჭირს თამაში და გამონაკლისები არც ჩვენ ვიყავით.
მით უმეტეს, ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. 
რუსთავი – თსუ 86:68