საოცრად დაძაბული გამოდგა სუპერლიგის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ტიტები და რუსთავი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ერთქულიანი სხვაობით – 82:81 (სტატისტიკა) დასრულდა. მატჩი რუსთაველებმა მოიგეს, რომლებმაც გამარჯვების ბურთი საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ჩააგდეს. ეს მოახერხა ლევან ბაბილოძემ, რომელსაც ლუკა ბულაშვილმა სამწამიან ზონაში გამოზომილი პასი მისცა. ახალგაზრდა ფორვარდმა, რომელიც გასულ სეზონში სწორედ ტიტების ღირსებას იცავდა, ყოფილ გუნდს გამარჯვების ბურთი ჩაუგდო.
ბოლო წუთი უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომლის განმავლობაშიც ერთი ფრე დაფიქსირდა, ლიდერი კი ოთხჯერ შეიცვალა. შეტევაში ორივე გუნდი ხეირობდა – ჯერ რევაზ როგავამ ჩააგდო სამქულიანი და რუსთავი 80:78 დააწინაურა, თუმცა კენდრიკ ტომპსონმა, რომელმაც წინა შეტევაში 2 საჯარიმო ააცილა, სამიანი ჩააგდო და დასრულებამდე 12 წამით ადრე ტიტები 81:80 დააწინაურა. სწორედ ამის შემდეგ ჩააგდო ბაბილოძემ გამარჯვების ბურთი, რამაც რუსთაველებს სუპერლიგაში პირველი გამარჯვება, ტიტებს კი პირველი მარცხი მოუტანა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან რუსთაველები იგებდნენ. შემდეგ ტიტები დაწინაურდა. დიდი შესვენებისთვის თბილისური გუნდი ქულით იგებდა, ხოლო ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე ანგარიში თანაბარი იყო. ასე თანაბრად გაგრძელდა შეხვედრა ბოლო წამებამდე, სადაც გამარჯვება ქვემოქართლელებს დარჩათ.
რუსთავში 20 ქულით ბომბარდირი გახდა გუგა პატაშური, საერთო სარგებლიანობის ინდექსით (24) კი საუკეთესო შედეგი რევაზ როგავამ დააფიქსირა – 19 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა. 12-12 ქულა ზურა ვაშაკიძემ და ეივერი დიგსმა დააგროვეს. ტიტებში 20 ქულითა და 6 პასით კენდრიკ ტომპსონი გამოირჩა. 18 ქულა და 8 მოხსნა კვენტინ დევისის ანგარიშზეა.