ძალიან დაძაბული გამოდგა სუპერლიგის ლიდერ “რუსთავისა” და პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლი “ტიტების” მატჩი. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა, რომელებიც მესამე პერიოდის მიწურულს 17 ქულით ამარცხებდნენ მეტოქეს, საბოლოდ დაძაბულ ფინალში, 2 ქულის სხვაობით – 86:84 (სტატისტიკა) იმარჯვეს.
მეტიც: ქვემოქართლელები ბოლო წუთზე ქულით ჩამორჩებოდნენ და ერთ-ერთი გადამწყვეტი შეტევა გაუცუდდათ. თუმცა ფარიდან ასხლეტილი ბურთი ისევ რუსთაველებმა მოხსნეს და შეხვედრის დასრულებამდე 6.9 წამით ადრე ჩაგდებული სამქულიანით ლიდერობა დაიბრუნეს. უმნიშვნელოვანესი ბურთი რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა – მაიკ დევისმა ჩააგდო.
დარჩენილ დროში ტიტებმა ორჯერ შეუტია, თუმცა აკაკი ლომოურის სამქულიანს მაიკ დევისმა დააფარა, ხოლო დავით ლომიძის შორი სროლა მიზანს გვარიანად აცდა. სწორედ დევისი გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც 19 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. გამარჯვებულთაგან ბომბარდირი მალიქ უაითი გახდა 29 ქულით. 19 ქულა ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზეა. ტიტებში 21 ქულითანდა 11 მოხსნით საუკეთესო იყო ტაილან ბირტსი, ბრენდან აუგბორნსის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა.
ტიტები რეგულარულის ბოლო მატჩს ქუთაისში 18 აპრილს ჩაატარებს და თუ არ გაიმარჯვა, დიდი ალბათობით პლეი ოფში გამსვლელ 8 გუნდში ვერ მოხვდება. რუსთავს კი 2 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, თუმცა ქვემოქართლელებს პირველობა გარანტირებული აქვთ.