სტატისტიკა სუპერლიგის მე-5 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. რუსთავში,
ადგილობრივმა გუნდმა „მგზავრები“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
რუსთაველებს გამარჯვებისკენ ამერიკელი უკნახაზელი –
ჩარლი ლი გაუძღვა, რომელმაც საბოლოოდ 34 ქულა მიითვალა. ტანმორჩილი, მაგრამ მოედანზე
ბოლომდე მებრძოლი ლი ქულების საკეთებლად თავიდანვე მომართული იყო და რუსთაველებს გამარჯვებისკენ
მიუძღვოდა.
თავის მხრივ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი „მგზავრებიც“
მაქსიმუმს ცდილობდნენ და გონივრულად მოთამაშე მასპინძლებს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ.
მატჩის განმავლობაში „მგზავრებმა“ იმდენი მოახერხეს, რომ დასკვნით წუთებს მოგების შანსით
შეხვდნენ. ბერიშვილის გუნდს წარმატების იმედი ჩარლი ლიმ გადაუწურა, რომელმაც ბოლო წუთზე
ზუსტი სამქულიანით რუსთაველთა უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა და გამარჯვებულის ვინაობაც
გაარკვია.
რუსთაველებს 34 ქულით ჩარლი ლიმ ულიდერა. 17 ქულით თავი
რეზო ჩაჩანიძემ გამოიჩინა, ხოლო ომი სპანოლომ შეხვედრა 11 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ გუნდური სულისკვეთება ნამდვილად იგრძნობოდა ჩვენში
– უკეთ ვიბრძოლეთ და უკეთესი შედეგი გვქონდა. რაც შეეხება ხარვეზებს, მაღალ მოთამაშეს
ოჯახური პრობლემა შეექმნა და სამწუხაროდ დღეს გუნდს ვერ ეხმარებოდა. ტრავმებმაც უარყოფითად
იმოქმედა ფსიქოლოგიურად გუნდზე და როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის, მე მჯერა, რომ უფრო
მოვუმატებთ, უკეთეს და უფრო დიდ კალათბურთს ვითამაშებთ და უკეთესი შედეგიც გვექნება
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): ძლიერი გუნდია მგზავრები, მე პირადად
ძალიან ვაფასებ მათ შრომას. 3–ჯერ თითქმის მოგებული შემოგვიტრიალეს, თუმცა მოგვიანებით
დაცვა გავაძლიერეთ და თავდასხმაშიც წაგვივიდა თამაში. თუმცა შეცდომები ორივეგან გვქონდა
და მომავალში ამას აუცილებლად გამოვასწორებთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს,
რომელიც მოვიდა და ბოლომდე გვერდით დაგვიდგა.