რუსთავში გამარჯვებით რაში ქვემო და შიდა ქართლის გუნდებს მოგებებით დაეწია

რუსთავში გამარჯვებით რაში ქვემო და შიდა ქართლის გუნდებს მოგებებით დაეწია

სუპერლიგის მ-13 ტური დაძაბული მატჩით დასრულდა. რუსთავში ერთმანეთს შეხვდნენ ადგილობრივი გუნდი და სუპერლიგის დებიუტანტი “რაში”. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა რაშმა პირველ წრეში, თბილისი არენაზე დიდი სხვაობით დაამარცხა რუსთავი და ცხადია, ახლა იმ წაგებისთვის რევანში სურდა. ესეც რომ არა, სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში რაში ქულებით რუსთავს და კიდევ ერთ კონკურენტ ივერიონს უთანაბრდებოდა. ასე რომ, თბილისურ გუნდსაც დიდად სჭირდებოდა გამარჯვება.

მატჩიც შესაბამისი დაძაბულობით წარიმართა. ლიდერი 11-ჯერ შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 15-ჯერ (!) დაფიქსირდა. პირველი პერიოდი რაშმა 4 ქულით მოიგო, ხოლო მეორე ანალოგიური სხვაობით რუსთაველებს დარჩათ. შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის თანაბარი ანგარიში – 54:54 დაფიქსირდა.

მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა. რაშის კალათბურთელებმა ტემპს და სიზუსტეს უმატეს. ენამ მილიგენის, ერიკ ფრედერიკის და სანდრო სანაძის შედეგიანობით ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით გალიდერდა.

რუსთაველებმა ტაქტიკა შეცვალეს. ანატოლი ბოისამ რამდენჯერმე წუთშესვენება აიღო, რუსთაველთა დაცვა გაამაგრა და ამან შედეგი გამოიღო. ანგარიში ბოლო პერიოდის შუაწელში კვლავ, რიგთ მე-15-ედ გათანაბრდა – 78:78. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ დაძაბული ფინალი იქნებოდა, რაც არ გამართლდა. რაშის მოთამაშეებმა დარჩენილი დრო მაღალ დონეზე ჩაატარეს და ისე მივიდნენ გამარჯვებამდე, თამაში არ დაძაბულა – 105:94 (სტატისტიკა).

გამარჯვებულებს მილიგენმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 დაფარება და 2 პასი მიითვალა. ფრედერიკი 29 ქულით ბომბარდირი გახდა, სანდრო სანაძემ 21 ქულა მიითვალა. მნიშვნელოვანი იყო ლევან მასხულიას 16 ქულა. რუსთაველთა რიგებში 26 ქულითა და 8 მოხსნით თაჯეი თიგი გამოირჩა. ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე კი 27 ქულა და 5 პასი დაგროვდა.

ასე და ამგვარად, ცხრილის ქვედა ნაწილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ახლა სანაკრებო ფანჯარა იწყება, რის შემდეგაც თასის გათამაშების მატჩებია. სუპერლიგა 1 მარტამდე პაუზას იღებს.