მიმდინარე ტურის მეორე მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც
სათამაშოდ „დინამო“ ჩავიდა და საინტერესო ბრძოლის მოლოდინში „ქიმიკოსთა“ დარბაზში ბლომად
მაყურებელიც მოვიდა. მოლოდინმა სანახევროდ გაამართლა,
რადგან დაძაბული და თვალსასეირო
შეხვედრის მხოლოდ პირველი ტაიმი გამოდგა.
დინამოელები თავიდან 9:0 დაწინაურდნენ და რუსთაველთა
მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს წუთშესვენების აღება მოუხდა თავისიანების გამოსაფხიზლებლად.
მასპინძლებმა თამაში ნელ-ნელა დაალაგეს და პირველ, 2-წუთიან შესვენებაზე ლიდერებად
გავიდნენ – 21:18. მეორე მეოთხედი ფრედ, 20:20 დასრულდა, რაც იმის იმედს იძლეოდა, რომ მეორე ტაიმშიც საინტერესო ორთაბრძოლა იქნებოდა.
დიდი შესვენებიდან რუსთაველები უფრო მოტივირებულნი და
გასამარჯვებლად სემართულნი დაბრუნდნენ. მასპინძლებმა მესამე მეოთხედიდან თამაშზე სრული
კონტროლი დააწესეს, რაც როგორც სწრაფ შეტევებსა და კომბინაციურ თამაშში, ასევე ზუსტ
შორ ტყორცნებში გამოიხატა. რუსთაველები სამქულიანებს ჩინებულად ესვრიან, რაც წინა ტურში
თსსუ-სთანაც დაამტკიცეს, როცა 20 შორი ტყორცნა ჩააგდეს. დღეს კი მიხეილ ბერუაშვილის
გუნდმა 15 სამიანი ჩააგდო და „დინამოს“ შანსი არ დაუტოვა. მესამე პერიოდში ნელსონის,
ჭოჭუას, აბაიშვილის შორმა ტყორცნებმა თბილისური გუნდი წელში გატეხა. მასპინძლებმა მესამე
პერიოდი 26:12 მოიგეს, 17 ქულით დაწინაურდნენ და მატჩის ბედი ბოლო მეოთხედის დაწყებამდე
გადაწყვიტეს.
რუსთაველთა შორის 22 ქულით საუკეთესო კაილ ნელსონი გახლდათ,
მიხეილ ჭოჭუამ 17 ჩააგდო, ცეკვავამ 15, ხოლო მალხაზ აბაიშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.
დამარცხებულთაგან 23 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა, ხოლო ლამარ კარიმმა 18 ქულა მიითვალა.
ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, თბილისის სპორტის
სასახლეში გაიმართება.
მიხეილ ბერუაშვილი
(რუსთავი): პირველ რიგში მივულოცავ ჩემი გუნდის მოთამაშეებს,
მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. დღევანდელი მოგებით პლეი ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი
გადავდგით. „დინამო“ საკმაოდ ძლიერი გუნდია და გამარჯვების მიღწევა იოლი არ იყო. წინ
კიდევ უფრო სერიოზული ბრძოლები გველის და ვეცდებით, აღებული ტემპი არ დავაგდოთ.
ირაკლი ხოშტარია(ბათუმი): სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ ეს არაა ტრაგედია.
ეს მატჩები პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გვინდა, რადგან გადამწყვეტი ბრძოლები სწორედ
მეოთხედფინალიდან იწყება. რუსთაველებს პირველ ტაიმში ბრძოლა გავუმართეთ, მაგრამ მეორე
ნახევარში მასპინძლებმა მაღალ დონეზე ითამაშეს. ჩვენს შეცდომებს გავაანალიზებთ და ვეცდებით,
მომავალ მატჩებში იგივე შეცდომები არ დავუშვათ.
რუსთავი – დინამო 94:75
ბათუმი – ოლიმპი 66:105