სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის განხილვა

სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის განხილვა

საქართველოს თასის მე-11 გათამაშების ფინალური მატჩის
ბოლოს, დამატებითი მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე, “შსს-აკადემიის” მთავარი
მწვრთნელის ასისტენტი დავით არეშიძე 

უცენზურო სიტყვებით მივიდა პრეს-სამსახურის
წარმომადგენლებთან. მიუხედავად პრეს-სამსახურის წარმომადგენელთა თხოვნისა, დაბრუნებულიყო
კუთვნილ ადგილას სათადარიგოთა სკამზე, დავით არეშიძემ გააგრძელა უხეში სიტყვებით საუბარი
და უმისამართოდ იმუქრებოდა. 

ზემოხსენებული ფაქტი კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო
ტექნიკურმა კომისიამ განიხილა. დისციპლინური დარღვევებისთვის საქართველოს თასის დებულების
6.1 მუხლის თანახმად და სუპერლიგის დებულების 
22.11  და 22.7 მუხლების მოთხოვნათა
გათვალისწინებით, შსს აკადემიის გუნდის მწვრთნელის ასისტენტს
დავით არეშიძეს განესაზღვრა შემდეგი სასჯელი – ჯარიმა 200 პირობითი ერთეული  და დისკვალიფიკაცია სუპერლიგის 5 თამაშით.

ამასთან, ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობამ იმსჯელა
შემდეგ დარღვევაზე: ამა წლის 26 იანვარს, ქუთაისის სპორტული სკოლის დარბაზში წინასწარ
დადგენილი კალენდრით უნდა გამართულიყო 14-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი ,,ქუთაისსა და
აკადემია2-ს შორის.  ვინაიდან დარბაზში გაუმართავი
იყო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი არ მუშაობდა 24 წამის დამთვლელი, სტუმარმა გუნდმა აკადემია2-მა
უარი განაცხადა მატჩში მონაწილეობაზე. ქუთაისის სპორტული სკოლის დარბაზში არსებული
დარღვევის შესახებ მატჩის კომისარმა წერილობით აცნობა  კალათბურთის ფედერაციას. 

ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით კლუბ
,,ქუთაისს” 200 პირობითი ერთეული ჯარიმა დაეკისრა. თუკი ანალოგიური დარღვევა განმეორდება,
გუნდის ჯარიმა გაორმაგდება, ხოლო მესამე შემთხვევაში კლუბი მოიხსნება  ჩენპიონატიდან.

 რაც შეეხება  26 იანვარს გასამართ მატჩს, ზემოხსენებული შეხვედრა გუნდების შეთანხმების
საფუძველზე 7 თებერვალს 16:00 საათზე აკადემიის დარბაზში გაიმართება.

ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობამ აგრეთვე  იმსჯელა 16-წლამდელთა ჩემპიონატში დაფიქსირებულ
ფაქტზე – გუნდიდან გუნდში მოთამაშის გადასვლაზე ორგანიზატორებთან შეუთანხმებლად. კერძოდ,
,,სოხუმის” ხელმძღვანელობამ მართვე-3ის ყოფილი წევრი ლუკა მწარიაშვილი თავის გუნდში
სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე ათამაშა. ეს ფაქტი დააფიქსირა აგრეთვე სუპერლიგისა
და ასაკობრივი ლიგების ვებ-გვერდების საერთო მონაცემთა ბაზამ.  

ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით,
,,სოხუმის” მთავარი მწვრთნელი ლიკა ქაჯაია დისკვალიფიცირებული იქნა 4 თამაშით.