საქართველო და სომხეთი C დივიზიონის მოსაგებად ფინალში შეხვდებიან

საქართველო და სომხეთი C დივიზიონის მოსაგებად ფინალში შეხვდებიან

 გალერეა
 სტატისტიკა LIVE!საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები C დივიზიონის მოგების
ზღვარზეა. ლელა ცანავას, როლანდ გელოვანისა და მანანა ბიჩინაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა
ანდორას სძლია და ფინალში გავიდა. საქართველოს ფინალში სომხეთი ელოდება, რომელმაც მანამდე
გამართულ ნახევარფინალში მალტას 59:43 სძლია.
დღეს სპორტის ახალ სასახლეში 3 თამაში გაიმართა. თავდაპირველად
საკვალიფიკაციო მატჩები შედგა, სადაც ერთმანეთს გიბრალტარისა და უელსის ნაკრებები შეხვდნენ.
ამ მატჩის გამარჯვებული მე-5 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას იღებდა. თავის
მხრივ მე-5 ადგილისთვის მატჩში ადგილი დაბევებული ჰქონდა კოსოვოს ნაკრებს, რომელმაც
4-გუნდიან, „ბ“ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. გაიმარჯვა უელსმა და ხვალ, 13 ივლისს
მე-5 ადგილისთვის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა,
თუმცა ანდორამ ბოლო პერიოდის შუაწელში გაიბრძოლა და ქართველები აანერვიულა. ცანავას
გუნდმა თამაში შედეგიანად დაიწყო და ვიქტორია გეგეშიძისა და ნატალია ოთხმეზურის მექულეობით
პირველი პერიოდი 28:11 მოიგო. მეორე პერიოდში ქართველების უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია,
რამაც ჩვენი გუნდი მოადუნა, იოლ გამარჯვებაში დაარწმუნა და ამან უკუშედეგი გამოიღო.
მარია მოლინეს ლიდერობით ანდორელებმა მესამე პერიოდი
25:16 მოიგეს და ბოლო მეოთხედის ახალდაწყებულზე ქართველებს სულაც 3 ქულით მიუახლოვდნენ
– 61:64. აქ თავისი სიტყვა თქვა ნატალია ოთხმეზურმა, რომელმაც მიჯრით რამდენიმე შეტევა
დააგვირგვინა და როცა მას თანაგუნდელებიც აყვნენ, საქართველოს უპირატესობა 10 ქულამდე
გაზარდა და ანდორელებს თამაშის გადარჩენის საშუალება აღარ დაუტოვა.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 77:67 გაიმარჯვა და
2 საათით ადრე ფინალში გასულ სომხეთს შეუერთდა. ქართველებს 29 ქულით ნატალია ოთხმეზურმა
ულიდერა. 18 ქულა დააგროვა ვიქტორია გეგეშიძემ, ხოლო ელენე მანდარიას ანგარიშზე ორმაგი
დუბლი – 10 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. დაცვაში და შესაბამისად, ფარქვეშ კარგად გაისარჯნენ
თეონა მაჩალაძე (6 ქულა, 10 მოსნა) და მარიამ ღარიშვილი ( 1 ქულა, 10 მოხსნა). ანდორელთაგან
საუკეთესო მარია მოლინემ 28 ქულა მიითვალა.

ხვალ, 13 ივლისს, საქართველოსა და სომხეთს შორის ფინალური
მატჩი 19:30 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 14:30 საათზე მე-5 ადგილისთვის, ხოლო
17:00 საათზე მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართება.

გიბრალტარი – უელსი 37:41

კიარა სენე (გიბრალტარი,
მთავარი მწვრთნელი): ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ჩვენ ბევრი შეცდომა
დავუშვით – მნიშვნელოვანი 3-ქულიანები ავაცილეთ და ეს აისახა კიდეც ანგარიშზე. უელსმა
უკეთ ითამაშა და გაიმარჯვა.

ანაბელა დე ლა
ჩიკა (გიბრალტარის ნაკრების მოთამაშე): კონტაქტური თამაში
იყო და ორივემ კარგად ვიასპარეზეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და უფრო მეტი ქულა რომ დაგვეგროვებინა,
მოვიგებდით კიდეც.

ჯეიმს მორგანსი
(უელსი, მთავარი მწვრთნელი): უელსისთვის ნამდვილად საჭირო იყო ეს მოგება
და ძალიან ვნერვიულობდით.  ვფიქრობ, გიბრალტარმა  კარგად ითამაშა და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენზე უკეთესადაც კი. უბრალოდ, ჩვენ უფრო გაგვიმართლა და მოვიგეთ. მადლობა გიბრალტარის ნაკრებს
კარგი თამაშისთვის.

მეგან ბეიკერ
-რიიზი (უელსის ნაკრების  მოთამაშე):
თანაბარი ორთაბრძოლა იყო, მადლობა გიბრალტარს რომ ბოლომდე იბრძოლა. გუნდურად ვითამაშეთ,
მაგრამ  ბევრად მეტიც შეგვეძლო.

 სომხეთი – მალტა 59:43

ვინიფრედ ბუჰაგიარი
(მალტა, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): სომხეთი ტურნირის
ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდია და დღესაც ასე იყო. ჩვენმა გუნდმა ვერ შეძლო დღეს თავის
სათანადოდ წარმოჩენა, რაც ალბათ სომხეთის დაცვის დამსახურებაცაა.

კრისტი გალეა
(მალტას ნაკრების მოთამაშე): ვფიქრობ სომხეთს ყველაზე ძლიერი
ნაკრები ჰყავს ჩემპიონატზე, მაგრამ ჩვენც დიდი პოტენციალი გვაქვს, მიუხედავად იმისა,
რომ დღეს ვერ შევძელით ამის წარმოჩენა.  წინა
მატჩები ამის უტყუარი მაგალითია.

ალბერტ არუთინიანი
(სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი): მალტა არის ძალიან
კარგი გუნდი და მადლობა მათ კარგი თამაშისთვის. დილიდანვე მოტივირებულები ვიყავით და
ამან ჩვენს გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. დავეთანხმები მალტას მწვრთნელს,  რომ ჩვენი კარგი დაცვის დამსახურებაა დღევანდელი
მოგება და გვსურს ბოლომდე ასე გავაგრძელოთ.

ანა ასლანიანი
(სომხეთის ნაკრების  მოთამაშე):
ბოლო შეხვედრა, სადაც საქართველო მალტას დაუპირისპირდა, ნამდვილად საუკეთესო იყო. წინა
მატჩებში მალტა ბევრად უკეთ თამაშობდა, რაც ალბათ იმის ბრალია რომ ჩვენ კარგად ვიასპარეზეთ დაცვაში
და გუნდურად ვითამაშეთ. მეტოქე ყველაფერს
აკეთებდა, თუმცა ვერ შეძლო დაცვის გარღვევა. ძალიან მიხარია, რომ ფინალში გავედით,
სადაც საქართველოს შევხდებით, რომელსაც ტურნირზე საუკეთესო გუნდი ჰყავს.

საქართველო – ანდორა 77:67

პუნტი საავედრა
(ანდორა, მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ საქართველოს
ნაკრებს ფინალში გასვლას. ძალიან კარგი თამაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ 10 ქულით
დავმარცხდით, ვფიქრობ ჩვენც შესანიშნავად ვითამაშეთ. ნამდვილად უნდა ვიამაყოთ, რადგან
შეხვედრა თავიდან ბოლომდე კარგად ჩავატარეთ. დიდი სხვაობის აღმოფხვრა შევძელით და დიდი
მადლობა მთელ გუნდს, მე მათით ვამაყობ.

მარიონა პალოუ
ვიდალი (ანდორას  ნაკრების მოთამაშე):
მთელი თამაშის განმავლობაში  დიდი ბრძოლა იყო.
რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ რომ საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს. ვიმედოვნებთ,
რომ ხვალინდელ თამაშის შემდეგ შინ მედლებით დავბრუნდებით.

ლელა ცანავა
(საქართველო, მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა
მოწინააღმდეგე გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. მართალია გავიმარჯვეთ, მაგრამ ბოლომდე
კმაყოფილი არ ვარ. ვფიქრობ დღეს გოგონები ზედმეტად თავდაჯერებულნი გავიდნენ მოედანზე,
რის გამოც მეტოქეს სხვაობის შემცირების შანსი მიეცა. მომდევნო თამაშს ბევრად უფრო მობილიზებულნი
შევხდებით და სათანადო მზადყოფნაში ვიქნებით.

მარიამ ღარიშვილი
(საქართველოს ნაკრების მოთამაშე): სათანადოდ
ვერ შევაფასეთ მეტოქე, თუმცა საბედნიეროდ მალევე მოვახდინეთ თამაშზე კონცენტრირება
და გავიმარჯვეთ. სომხეთს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, თუმცა ჩვენი გუნდი ყველაფერს
გააკეთებს გამარჯვებისთვის.