საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროსაკვალიფიკაციო ეტაპი ჩეხეთის ძლევით დაიწყო

გალერეა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით გახსნა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა ჩეხეთის ნაკრები დაამარცხეს, რითაც გასულ ევროპის ჩემპიონატსა და შესარჩევ მატჩებში დამარცხებისთვის რევანში აიღეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი ოფიციალურ მატჩებში პირველად დაამარცხა. 3 საკვალიფიკაციო და ერთ ევრობასკეტის შეხვედრაში წაგების შემდეგ საქართველო ჩეხეთს დღეს თბილისში, 2015 წლის ევროჩემპიონატის შესრჩევი ტურნირის გახსნის მატჩში შეხვდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა – 73:62.
ქართველებს მანუჩარ მარკოიშვილი, რიკი ჰიკმანი, გიორგი შერმადინი და ოთო ფხაკაძე აკლდნენ. დიდი დანაკლისის გამო ჩეხეთი ძალიან სარისკო მეტოქე იყო და ეს დაადასტურა მატჩის მსვლელობამაც. ჩეხები ქართველებს ფეხდაფეხ მისდევდნენ და რამდენჯერმე დაწინაურდნენ კიდეც. ყველაზე სახიფათო მომენტი მესამე მეოთხედში იყო, როცა 43:36 დაწინაურებულმა საქართველომ 3-წუთიანი მონაკვეთი 0:10 წააგო და 43:45 ჩამორჩა.
ამას ისიც დაერთო, რომ ზაზა ფაჩულიამ, რომელიც ქართველთა შორის საუკეთესო იყო, მესამე პერსონალური მიიღო. ფაჩულიამ პირველ ტაიმში დიდებულად ითამაშა. მაშინ, როცა სხვა მოთამაშეებს თამაში არ მისდიოდათ, ქართველების კაპიტანი უმნიშვნელოვანეს ბურთებს აგდებდა. დაცვაში ქართველები დამაჯერებლად თამაშობდნენ, მთელი ორიენტაცია ტომაშ სატორანსკის განეიტრალებაზე იყო, რასაც ლევან ფაცაციამ კარგად გაართვა თავი. ფაცაციამ შეტევაშიც იყოჩაღა და უმნიშვნელოვანესი სამქულიანი და 2 შორი ორიანი ჩააგდო.
ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა დუდა სანაძემ, რომელმაც შეხვედრა 10 ქულით, 3 პასით, 2 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა. დუდამ 2 ჰაერივით საჭირო სამიანი ჩააგდო, რის შემდეგაც ქართველებმა გამარჯვების მომტანი გაქცევა მოაწყვეს. ბოლო პერიოდში ზაზა ფაჩულიამ მეოთხე ჯარიმა მიიღო, რის გამოც კოკოშკოვს მისი მოედნიდან ხშირი გაყვანა უწევდა. საერთოდ, ქართველების მწვრთნელი ხშირ როტაციას მიმართავდა, სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ძირითადი ხუთეულის მოთამაშეებს დასვენება ესაჭიროებოდათ. შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმაც გაამართლეს – ბესო ლეჟავა სამქულიანით გამოირჩა, ბექა ბურჯანაძემ 2 საჭირო ბურთი ჩააგდო, სანაძის დამაჯერებელ თამაშზე კი უკვე აღვნიშნეთ.
ბოლო 7 წუთი საქართველოს ნაკრებმა კლასიკურად ითამაშა, რაც მწვრთნელთა შტაბისა და მოთამაშეების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც შეხვედრა 10 ქულითა და 10 პასით დაასრულა, თუმცა ცინცაძის შედეგიანობაზე მეტად მისი დაცვითი თამაშია გამოსარჩევი. გიორგიმ შეხვედრა 4 ჩაჭრით დაასრულა, იგი ბურთისთვის ბოლომდე და შედეგიანად იბრძოდა. თორნიკე შენგელიამ შეხვედრა 10 ქულით და 5 მოხსნით დაასრულა, თუმცა შეეძლო გაცილებით მეტი მოეგროვებინა, სამწამიანი ზონიდან უფრო აკურატულად რომ ესროლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამაღამ უნგრეთში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩს გამართავს. შეხვედრა ქალაქ კეჩკემეტში, 13 აგვისტოს გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში (საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი): პირველ რიგში გილოცავთ ყველას ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას. სასიხარულოა, რომ  შესარჩევი ეტაპი კარგად დავიწყეთ და იმედია ასე გავაგრძელებთ. მადლობა ყველა მოთამაშეს. დარბაზში აუტანელი სიცხე იყო და ამ პირობებში თამაში ბევრად რთულია. საბედნიეროდ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და  თავი არ დაზოგეს. სამ დღეში უნგრეთში გველის თამაში და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ძირითადი ყურადღება ტომაშ სატორანსკიზე გვქონდა გამახვილებული, რომელიც არამარტო ჩეხეთში, მთელ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენმა დაცვამ და კონკრეტულმა დავალებებმა გაამართლა. შეცდომები ბუნებრივია ყველა თამაშშია, მაგრამ დღეს ხარვეზები მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
 ჩვენი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე დღეს მოწოდების სიმაღლეზე იყო და დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. აგრეთვე სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებმაც, რომლებმაც საჭირო დროს უმნიშვნელოვანესი ქულები მოგვიტანეს. 
ზაზა ფაჩულია (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი):როგორც ველოდებოდით დაძაბული თამაში იყო. სტუმრებს ვულოცავ კარგ თამაშს. ძლიერი გუნდია და ჩინებული მწვრთნელი ჰყავთ. ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა დღევანდელი გამარჯვება. ეს კარგად გავითავისეთ და მზად ვიყავით ბოლომდე ბრძოლისთვის. ჩეხეთი მართლაც  ძალიან კარგი გუნდია და ვიცოდით რომ  გაქცევები ექნებოდათ. მესამე პერიოდში ასეც მოხდა  ეს არ არის გასაკვირი  ძლიერი გუნდისგან. საბედნიეროდ ჩვენს გუნდში არ იყო პანიკა, არ დავბნეულვართ და  წუთშესვენებებს   დროულად ვიღებდით. საჭირო შეცვლებიც გქვონდა და ამ ყველაფერმა  შედეგი გამოიღო – თამაში ისევ შემოვაბრუნეთ. მთავარი ის იყო,  რომ შეხვედრა  კარგად დავიწყეთ და კარგად დავამთავრეთ. ვერავის გამოვარჩევ, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა და დიდი როლი შეიტანა გამარჯვებაში. 
დღეს  კიდევ  ერთხელ დამტკიცდა რომ ბოლომდე ვიბრძვით და ეს არის ნამდვილი ქართული კალათბურთი. შეიძლება არ გვყავს მსოფლიო ვარსკვლავი, მაგრამ ვიცით 40 წუთი ბრძოლა და ეს  დასაფასებელია.  მე მოხარული ვარ,  რომ ასეთი გუნდის წევრი და ნაწილი ვარ.
რონენ გინცბურგი (ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ვულოცავ საქრთველოს ამ გამარჯვებას. დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო და მხურვალე ქომაგობა იყო. ვფიქრობ, თავიდან  30 წუთის მანძილზე ცუდად არ დაგვიწყია, მაგრამ შემდეგ,  ბოლო წუთებში დასანანი ბურთები ავაცილეთ და ამან განაპირობა ჩვენი წაგება. სხვაობა არ არის ცოტა, მაგრამ არც ბევრია. წინ  ჩეხეთშია თამაში და ამისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით.

პატრიკ აუდა (ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე): მთელი თამაში თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა ბოლოს მობილიზება დავკარგეთ, რითაც ისარგებლეს  ქართველმა მოთამაშეებმა და დაწინაურდნენ. ვულოცავ საქართველოს დღევანდელ გამარჯვებას.